ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში უცხოური ტურიზმიდან 299,8 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 34%-ით ჩამორჩება — 2020 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან ქვეყანაში 456,5 მილიონი დოლარი შემოვიდა. როგორც ცნობილია, ტურიზმის მაჩვენებლების დრამატულად შემცირება პანდემიამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 79%-ით არის შემცირებული, რადგან 2019 წლის იანვარ-ივნისში ტურიზმმა 1,46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოგვიტანა.

ჯამში 2019 წელს ტურიზმიდან 3,3 მილიარდის, ხოლო 2020 წელს 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019-2021 წლებში (მილიონი დოლარი)

წყარო: ეროვნული ბანკი

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 464 126 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემს 62,2%-ით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა. 2020 წელს უცხოური ვიზიტების რაოდენობა წლიურად 80%-ით შემცირდა და 1,5 მილიონი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში როგორც ვიზიტების, ასევე ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.