ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ნიკა მელიას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის — ელენე ხოშტარიას განიხილავდა. თუმცა ის არ ამბობს, რაზე შეჯერდნენ პარტიები საბოლოოდ. ჟურნალისტმა ბოკერიას ჰკითხა იმაზე, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპულ საქართველოს ვიცე-მერის კვოტა ექნება.

"იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა თქვენ ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში", — განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია ამბობს, რომ ევროპული საქართველოს აზრით, აუცილებელია როგორც თბილისში, ისე "საკვანძო" ქალაქებსა და რაიონებში მერებისა და საკრებულოების თავმჯდომარეების საერთო კანდიდატებზე შეთანხმება.

"დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა ჩვენი აზრით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს", — დასძინა ბოკერიამ.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატს კვირის ბოლოს წარადგენს. უკვე ცნობილია ქართული ოცნების კანდიდატი — თბილისის მერობა უკვე მეორედ სურს კახა კალაძეს. თუმცა მმართველ პარტიას ჯერ არ დაუსახელებია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ასევე, მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები რეგიონებში.