შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ არ იციან, დაიწყო თუ არა გამოძიება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტზე.

On.ge უკვე მეორე დღეა ცდილობს, უწყებიდან მიიღოს ინფორმაცია აღნიშნულზე.

ამ ფაქტს 22 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მან რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ინფორმაცია ახლა მიიღო და აუცილებლად გაერკვეოდა.

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და აცხადებს, რომ არ დააბრუნებს. მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს წულუკიანი ჟურნალისტს მიკროფონს, რომელიც კითხვას სვამს. ამის შემდეგ მინისტრი ამ მიკროფონით იწყებს საუბარს და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. ამის შემდეგ წულუკიანი ჟურნალისტს ეუბნება: "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". გარდა ამისა, თეა წულუკიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და წერს, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". წულუკიანის აზრით, ჟურნალისტი განაიარაღა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე On.ge-სთან განმარტავს, რომ კულტურის მინისტრის ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. ეს მუხლი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლას გულისხმობს. ამასთან, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თუ წულუკიანი მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს, გამოძიების დაწყება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშულისთვისაც შესაძლებელია.

როგორც გოგოხია ამბობს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საქმე არა მათი, არამედ კრიმინალური პოლიციის კომპეტენცია იყო, დაემშვიდობნენ და წავიდნენ.

გაიგე მეტი: