იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ, ქვეყნის ყველა მოქალაქეს მოუწოდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისაკენ. ამასთან, გამოაცხადა, რომ მთავრობა იძულებულია, ეპიდსიტუაციის გასაკონტროლებლად და დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის, არავაქცინირებული პირებისათვის შეზღუდვები დააწესოს.

22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე დრაგიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ინფიცირების შემთხვევების იმგვარი მატება, როგორიც გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაშია, თავიდან იქნას აცილებული. ამასთან, ამგვარი რეგულაციები ეკონომიკის დაცვასაც ისახავს მიზნად.

რეგულაციების მიხედვით კი, 5 აგვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმში, თეატრებში, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებში, აუზებსა და სავარჯიშო დარბაზებში შესვლა მხოლოდ "მწვანე საშვის" წარდგენით იქნება შესაძლებელი.

საშვი, რომელიც ევროკავშირში მოქმედი ციფრული მოწმობაა, ასევე მოითხოვება რესტორნების დახურულ სივრცეში შესასვლელად.

იტალიაში ღამის კლუბები ჯერჯერობით დაკეტილია. მთავრობა სექტემბრის დასაწყისში ასევე იმსჯელებს, გახდება თუ არა საშვი სავალდებულო ქვეყანაში მატარებლით, ავტობუსით ან შორ გზაზე მიმავალი ავტობუსით მგზავრობისას.

ფოტო: Getty Images

დრაგის თქმით, იტალიის ეკონომიკა ვაქცინაციის დაწყების შემდეგ მომჯობინების გზას დაადგა, რადგან მოქალაქეების აცრამ მნიშვნელოვნად შეამცირა კოვიდინფექციით საავადმყოფოში გადაყვანილთა და გარდაცვლილთა რიცხვი, რამაც აპრილის მიწურულს მთავრობას რეგულაციების შემსუბუქების საშუალება მისცა.

"ამის მიუხედავად, დელტა ვარიანტი მაინც საფრთხეა", — განაცხადა დრაგიმ, — "ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტები, ამიტომ ყველა იტალიელს მოვუწოდებ, გადაუდებლად აიცრას. ვაქცინაციის გარეშე, მოგვიწევს, ისევ ყველაფერი ჩავკეტოთ".

რაც შეეხება საშვის გაცემის წესს, ის გაიცემა ყველა ადამიანზე, ვინც ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღო, ასევე მათზე, ვინც კორონავირუსისგან ცოტა ხნის წინ განიკურნა და ვინც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფით შედეგს წარადგენს ობიექტზე შესვლამდე.

იტალიაში პატარა, მაგრამ აქტიური ანტივაქსერული მოძრაობაც არსებობს, რომელსაც ქვეყნის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები და პარტიებიც უჭერენ მხარს. მოძრაობამ უკვე გამართა რამდენიმე დემონსტრაცია მწვანე საშვის გასაპროტესტებლად.

სანამ რეგულაციები ძალაში შევა, ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში იმატებს. 22 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში 5 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან უმეტესობა კი დელტა ვარიანტითაა დაინფიცირებული. შემთხვევების მატებას EURO 2020-ის მოგების აღსანიშნავ ღონისძიებებსაც უკავშირებენ, განსაკუთრებით რომში, სადაც 11 ივლისის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გახუთმაგდა.

იტალიაში დაავადების დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექციით თითქმის 128 ათასი გარდაიცვალა, რაც ევროპაში გაერთიანებული სამეფოს მონაცემის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

23 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 460 გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი. ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 398 081 შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 5 656-ს შეადგენს.

საქართველოში ამ დროისათვის 391 781 ადამიანია აცრილი. 23 ივლისს ასევე დაიწყო მოქალაქეთა რეგისტრაცია Pfizer-ის მეორე დოზის მისაღებად. ამავე ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა ქვეყანაში 24 ივლისს ჩამოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდანაც იქნება შესაძლებელი.