ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს და საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს იწყებს. ის დარწმუნებულია, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებისთვის, რაც საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას — ყველაფერს, რაც ძალიან საჭიროა საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ.

"მხედველობაში მივიღე ქართული ოცნების გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპული გზის შეთავაზებას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობისა და კანონის უზენაესობის გასამყარებლად, ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. მხედველობაში მივიღე, ასევე ის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეთანხმებაზე ხელს არ აწერს", — აღნიშნავს მისელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გაგრძელებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ალტერნატივას ვერ ხედავს.

ყველა პარტიას მოვუწოდებ, დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში, წინ მოქალაქეების ინტერესები დააყენონ და პოლიტიკური დისკუსიის გაგრძელების ერთგულნი იყვნენ. საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად პრეზიდენტ ზურაბიშვილს შევხვდი", — აცხადებს მიშელი.

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

გაიგე მეტი: