პრორუსულმა არხმა, ალტ-ინფომ სილქნეტთან დაკავშირებით მათი საჩივრის განხილვის შეწყვეტა მოითხოვა. აღნიშნულზე კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე შოთა მარტინენკომ განაცხადა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, მარტინენკომ საჩივრის არა დროებით შეჩერება, არამედ ამ საკითხზე წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

შოთა მარტინენკოს სხდომაზე ამის მიზეზი არ დაუსახელებია.

ალტ-ინფო უკვე ჩართო მაგთიკომმა, ხოლო სილქნეტმა უარი თქვა და ამის მიზეზად ტექნიკური პირობები დაასახელა. სწორედ ამის შემდეგ ძალადობრივმა და პრორუსულმა არხმა კომპანიას უჩივლა.

ალტ-ინფოს საჩივარი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონს ეყრდნობა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება ("სავალდებულო ტრანზიტი"). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

ალტ-ინფო ძალადობრივი და პრორუსული არხია, რომელიც სიძულვილის გავრცელებას სხვადასხვა არხით ცდილობს. თავდაპირველად ის მხოლოდ ინტერნეტში "მუშაობდა", შემდეგ კი ტელევიზიაც დააფუძნეს და კომუნიკაციების კომისიამ მათ მაუწყებლობის უფლება მისცა. ალტ-ინფოს Facebook გვერდი არაერთხელ დაბლოკილა, წაშალეს მათთან დაკავშირებული ქსელიც. ისინი რამდენჯერმე ხელახლა დარეგისტრირდნენ და სხვა პლატფორმების გამოყენება დაიწყეს. 11 ივლისს კი, ალტ-ინფოს ვებგვერდიც გაუთიშეს. სწორედ ალტ-ინფო იყო 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის თანაორგანიზატორი. მათი ტელეგრამის არხში აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარები ვრცელდებოდა.