სახალხო დამცველის აპარატში On.ge-ს განუცხადეს, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყეს. ომბუდსმენის აპარატში, ასევე, განმარტავენ, რომ ბაკიხანოვთან აპარატის წარმომადგენლებს კომუნიკაცია ორჯერ ჰქონდათ.

"პირველად ივნისში გვქონდა კომუნიკაცია, როცა მას საერთაშორისო დაცვის სტატუსის მოპოვების პროცედურები განემარტა. ასევე, მივეცით კონტაქტები იმ ორგანიზაციების ვინც მსგავს შემთხვევებში პირებს უფასო იურიდულ დახმარებას უწევენ. ასევე, შევთავაზეთ, სურვილის შემთხვევაში აპარატისთვის დამატებით მოემართა", — უთხრეს სახალხო დამცველის აპარატში On.ge-ს.

მათივე თქმით, მეორედ კომუნიკაცია მის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ივლისში შედგა.

"მიმდინარე გამოძიებაში სურდა წარმომადგენლის ჩართვა, რა დროსაც, ასევე, გავუზიარეთ სამართლებრივი დახმარების გამწევი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია. განვუმარტეთ ჩვენი აპარატის მანდატი და შევთავაზეთ იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებების დარღვევას ექნებოდა ადგილი, შეეძლო ჩვენთვისაც მოემართა", — აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

წუხელ გვიან ღამით აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მიგრანტი, ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. მუხთარლი წერდა, რომ ბაკიხანოვი იმ მაღალსართულიანი შენობიდან გადმოაგდეს, სადაც ის ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ჰუსეინს აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა, ამიტომ ბოლო პერიოდში ის თბილისში ცხოვრობდა და თავშესაფარს ითხოვდა.

On.ge-სთან საუბრისას მუხთარლიმ განმარტა, რომ გარდაცვლილის ცხედარი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, Rooms Hotel-ის წინ ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევა 14 ივლისს მოხდა.

ჰუსეინ ბაკიხანოვი 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 13 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ 7 მაისიდან მისთვის ჯოჯოხეთი — ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამება დაიწყო. ბლოგერი, ასევე, ამბობს, რომ მას პოლიცია გაუპატიურებით ემუქრებოდა.

გაიგე მეტი: