4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გაძლიერება "რენტაბელური" არ იქნებოდა. ამ სამუზეუმო ფონდში ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს თავად შენობასაც, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მინისტრის განცხადებებს პროტესტის ტალღა მოჰყვა.

რამდენიმედღიანი გაურკვევლობისა და კრიტიკის ტალღის შემდეგ, წულუკიანი შენობის რესტავრაციას გეგმავს და გვარწმუნებს, რომ სახელმწიფოს მიზანი თავიდანვე სწორედ ეს იყო.

ფოტო: კულტურის სამინისტრო

მუზეუმი წლებია განახლებას საჭიროებს, რადგან გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, შენობა ავარიულია. შესაბამისად, ნებისმიერი გარე ფაქტორი მასზე უარყოფითად მოქმედებს. არაერთხელ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ შენობის მდგომარეობა დაამძიმა, მათ შორის, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისი მშენებლობამ, რომელიც სწორედ მუზეუმის შენობის გვერდითაა განთავსებული. ამის ფონზე კი წულუკიანი კვლევის შედეგებს განიხილავს, ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს და მუზეუმის პრობლემებსაც ყოფილ ხელისუფლებას აბრალებს.

მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმაში პირდაპირ არის აღნიშნული:

"ბოლო წლებში თავისუფლების მოედანზე, ალექსანდრე პუშკინისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამშენებლო-ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა, თავის მხრივ, უარყოფითი გავლენა მოახდინა მუზეუმის ისტორიული შენობის მდგომარეობაზე. ასევე, აღსანიშნავია პუშკინის ქუჩაზე ბოლო ათწლეულებში საგზაო მოძრაობის სქემის ცვლილებები და სატრანსპორტო ზოლის მიახლოება უშუალოდ მუზეუმის შენობასთან, რაც უარყოფითი ზემოქმედების ფაქტორია".

მუზეუმის ირგვლივ არსებობს კითხვები და ეჭვები, თუმცა უწყება არ ჩქარობს ყველა მათგანს უპასუხოს. დღეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა" გადასული და შენობიდან ექსპონატების გატანა უნდა დაიწყოს.

კულტურის მინისტრი და "არარენტაბელური" შენობა

"ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება, სავარაუდოდ, არ იქნება რენტაბელური.

ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება.

შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი" — ციტირებდა წულუკიანი 4 ივლისს ჩატარებული კვლევის შედეგებს.

7 ივლისს კი კულტურის სამინისტრომ ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის პასუხად კვლევა და განცხადება გამოაქვეყნა — მომხმარებელი წერდა, რომ მუზეუმს "დასანგრევი არაფერი არ სჭირს", ხოლო სამინისტროს მტკიცებით, "ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა".

დასკვნაში ექსპერტები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ და მიუთითებენ, რომ მათი გათვალისწინების შემთხვევაში, "სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა".

ამის მიუხედავად, კულტურის სამინისტროს რესტავრაციაზე არ უსაუბრია არც 17 ივლისს, მორიგ განცხადებაში უწყებამ მხოლოდ მუზეუმის დაცარიელების სამოქმედო გეგმა გაავრცელა. იქიდან გავიგეთ, რომ 5 აგვისტომდე უნდა მოიძიონ მუზეუმის საჭიროებებზე მორგებული დროებითი სივრცე თანამშრომლებისა და საცავებისათვის, ხოლო 2022 წლის 5 თებერვალს მუზეუმის ამჟამინდელი ავარიული შენობის დაცლა დასრულებული უნდა იყოს.

სამინისტროს ბუნდოვანი განცხადებების პასუხად, საპროტესტო ტალღა გაიზარდა. უკვე 22 ივლისს უწოდა მუზეუმის დანგრევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე და განაცხადა, რომ "სიცრუის ავტორები და მათ ზურგს ამოფარებული სხვა პირები ამ გზით საკუთარი უმოქმედობით გამოწვეული სავალალო შედეგების გადაფარვას ცდილობენ".

როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ისრები წინა ხელისუფლებისკენ გადაიტანეს და თქვეს, რომ შენობის დანგრევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა და სოციალურ ქსელებში გამოთქმული "ყალბი აღშფოთების ავტორებს" არაფერი გაუკეთებიათ შენობის გადასარჩენად მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ.

"სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა სამწუხაროდ ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს", — აცხადებდა კულტურის სამინისტრო.

ფოტო: კულტურის სამინისტრო

ფოტო: კულტურის სამინისტრო

28 ივლისს, სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას კი თეა წულუკიანი დაგვპირდა, რომ მუზეუმს აღადგენდნენ.

"გვინდა, რომ 10 წლის თავზე საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი, სადაც დაცულია ჩვენი სამუზეუმო ექსპონატების 90%-მდე — შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი აღვადგინოთ, განვაახლოთ და იმ სიწმინდეებს, რომლებიც ოქროს ფონდში ინახება, მივცეთ ის სიცოცხლე, რომელიც მათ ეკუთვნით", — თქვა მან.

მხოლოდ 3 აგვისტოს მინისტრმა განაცხადა, რომ შენობის აღდგენის შემდეგ მუზეუმი ფუნქციონირებას ჩვეულებრივ გააგრძელებს და ექსპონატებს კუთვნილ ადგილს დაუბრუნებენ. თუმცა, მუზეუმის დასაცავად მობილიზებულ საზოგადოებას წულუკიანის აღარ სჯერა.

"ჩვენი, სახელმწიფოს პოზიცია იყო და იქნება ურყევი. პირველ რიგში, ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, მანამ სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ [...] როდესაც მუზეუმი იქნება აღდგენილი და მზად, რომ მიიღოს თანამედროვე პირობებში, სტანდარტების დაცვით, ეს ექსპონატები უნდა დაბრუნდეს", — აღნიშნა მან.

რატომ არ სჯერათ წულუკიანის

ფოტო გადაღებულია მუზეუმის დასაცავად გამართულ ერთ-ერთ აქციაზე

ფოტო გადაღებულია მუზეუმის დასაცავად გამართულ ერთ-ერთ აქციაზე

ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge

ისტორიკოს ბექა კობახიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მუზეუმის დანგრევაზე ცალსახა პოზიცია არ გამოუხატავს, ირიბად სწორედ ამისკენ მიუთითებდნენ, შემდეგ კი გამართლება სცადეს.

"წულუკიანის განცხადება, რომ ეს არ არის რენტაბელური, საერთოდ კულტურის მინისტრს როგორ უნდა მოუვიდეს? მერე იყო ამის გამართლების მცდელობა, რომ ეს არის დასკვნა და არა დიაგნოზი. მაგრამ ქალბატონ წულუკიანის პირველი განცხადებიდან საკმაოდ დიდი დრო იყო გასული და მას არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ჩვენ ამ შენობას არ დავანგრევთ და იქნება აღდგენილი. ეს განცხადება ხომ მოხსნიდა ბევრ ნერვიულობასა და ეჭვს?", — ამბობს ის.

ბექა კობახიძე

ფოტო: National Geographic საქართველოს და Cloud Studio

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის შეფასებით, პასუხისმგებელი უწყების განცხადებებიდან იკვეთება, რომ ისინი ცდილობდნენ "მარტივად გამომძვრალიყვნენ პროცესიდან". ის ასევე, არ გამორიცხავს იმას, რომ ამ კონკრეტულ ობიექტზე ვინმეს ინტერესი არსებობდა.

"შესაძლებელია, ძალიან მაღალი ფასი ჯდება, მაგრამ აქ გვაქვს კითხვები, იმიტომ, რომ ეს ჩანაწერი, რაც ჩაჯდა კონსტრუქციულ დასკვნაში, წესით, არ უნდა იყოს. კონსტრუქტორი თავს არ აიტკივებდა ტყუილად, ეს დავალება რომ არ ყოფილიყო. ამიტომ თითქოს სამინისტრო უფრო იხრებოდა შენობის დანგრევისაკენ ან ნაწილებრივ აღდგენისკენ, შემდეგ მუზეუმის აქედან გადატანისკენ, ასეთი ეჭვები არის", — აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, ადამიანები, ვინც ეს დასკვნა დადეს, ვერ აფასებენ ამ შენობის მნიშვნელობას, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ ეს "არაპროფესიონალური" შეფასება, პირდაპირ გაიმეორა კულტურის მინისტრმაც.

"კონსტრუქტორი არ წყვეტს, არის თუ არა რენტაბელური ამა თუ იმ შენობის გამაგრება, ამას წყვეტს მფლობელი და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო. ამ შენობის ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულება იმდენად მაღალია, რომ აქ არ შეიძლება ვისაუბროთ რაღაც კონკრეტულ დანახარჯებზე, არის თუ არა ეს რენტაბელური. ამიტომ, ამ უცნაური დასკვნის გამეორების შემდეგ, რა თქმა უნდა, გაჩნდა ეჭვი, რომ სახელმწიფოს აღარ უღირდა ამ შენობის გამაგრება", — მიუთითებს ამაშუკელი.

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

საგანძურის ბედი

წულუკიანმა მათი სამოქმედო გეგმის შესაბამისად უკვე დააანონსა, რომ მუზეუმიდან ექსპონატების გატანა სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში დაიწყება. იქ ინახება ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი, აჩისხატიც და შესაბამისად, არ დააყოვნა არც საპატრიარქომ, რომელმაც კიდევ ერთხელ მოითხოვა მისი გადაცემა. მეტიც, საპატრიარქომ ანჩისხატის ტაძარში ხატის ჩასაბრძანებელი კიოტიც დაამონტაჟა და ირწმუნება, რომ სათანადო პირობები შექმნეს, შესაბამისად, ხატიც მათ უნდა გადაეცეთ. ბექა კობახიძე მიუთითებს, რომ საგანძურის ბედიც ერთ-ერთი იმ საფრთხეთაგანია, რომელიც ბოლო პერიოდში მუზეუმთან დაკავშირებით გამოიკვეთა.

"მრავალი რელიქვიაა, ხახულის, წილკნისის, რომელიც თავის დროზე ბუნებრივია, კონკრეტული ეპარქიებიდან და ეკლესიებიდან იყო წამოსული, მაგრამ დღევანდელ დღეს, ეს არის საქართველოს ეროვნული საგანძური. მაგალითად, ბოლნისის სიონის წარწერა რომ ავიღოთ, მეხუთე საუკუნისაა, ორიგინალი არის მუზეუმში და ადგილზე არის რეპლიკა, იმიტომ, რომ არ დაზიანდეს, იმიტომ, რომ ეს მეხუთე საუკუნის წარწერა არ არის მხოლოდ ეკლესიის კუთვნილება, ეს არის ეროვნული კუთვნილება", — მიუთითებს ის.

თამარ ამაშუკელი

ფოტო: თამარ ამაშუკელი / Facebook

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, საპატრიარქოს მცდელობა ეკლესიებში გადაიტანოს მუზეუმში განთავსებული ხატები არახალია, "დღეს ყველაზე შესაფერისი ხელისუფლებაა, რომელიც წინასაარჩევნოდ ეკლესიის ამ და სხვა მოთხოვნებს დაჰყვება". მისივე განმარტებით, სახიფათოა პრეცენდენტის დაშვება.

"ერთი ნივთიც თუ გავიდა ხელოვნების მუზეუმის ბალანსიდან და გადაეცა სხვა ინსტიტუციას, მერე პროცესს ვინ გააკონტროლებს? რატომ გავიდეს ანჩისხატი და არ გავიდეს წილკნის ხატი, ან სხვა ხატი? ნებისმიერ რამის გატანა შეიძლება, ამიტომ ეს არის დაუშვებელი და ეს საგანძური არის საფრთხეში, რაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ", — აცხადებს კობახიძე.

თამარ ამაშუკელი კი განმარტავს, რომ როცა ექსპონატების შესანახად სათანადო პირობებია საჭირო, ტაძრებში განთავსება საფრთხის შემცველია.

"ასეთი პროცესი როდესაც მიდის ქვეყანაში, ჩვენ უკვე რისკის ქვეშ ვაყენებთ ისედაც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ძეგლებს. ის შეიძლება დაზიანდეს სანთლით, კანდელით, ყველაფრით აბსოლუტურად, არ არის აუცილებელი ხანძარი გაჩნდეს. ძალიან ხშირად, იგივე რომში, როდესაც რომელიმე დიდ ტაძარში შედიხარ, სასულიერო პირი ხშირად მიუთითებს, რომ სიჩუმე უნდა იყოს, რადგან ეს ხმამაღალი საუბარი და ვიბრაციაც აზიანებს იმ ფრესკებს", — გვეუბნება ამაშუკელი.

ფოტო: georgianmuseums.ge

ფოტო: georgianmuseums.ge

4 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეროვნულ მუზეუმთან დადეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მუზეუმის შენობის აღდგენის შემდეგ, იქ უნდა დაბრუნდეს როგორც ხელოვნების მუზეუმი, ასევე ოქროს ფონდი — საეკლესიო საგანძური.

თუ აქამდე სამინისტრო ორ სავარაუდო ადგილს ასახელებდა, საპატრიარქოს განცხადებით გავიგეთ, რომ ექსპონატებს დროებით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში გადაიტანენ.

ჩამოლაბორანტებული თანამშრომლები და რეაბილიტაციის გეგმა

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მუზეუმის ირგვლივ გამოიკვეთა, თანამშრომლების "ჩამოლაბორანტება" იყო. 31 ივლისს მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს. მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა მოითხოვა.

"მინისტრმა წულუკიანმა ამა წლის 20 აპრილის დანიშნა ახალი დირექცია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემუშავებული პროექტი აქტუალური აღარ არის. რადენიმე დღის წინ, ოფიციალური წერილით, მოვითხოვე ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა. პასუხად, დღეს მიღებული ბრძანების თანახმად, მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან გადაყვანილი ვარ ლაბორანტის პოზიციაზე", — აცხადებდა კიკნაძე.

ბექა კობახიძე აღნიშნავს, რომ ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ამით წულუკიანი ადამიანების უფლებებს არღვევს და არ შეიძლება "რეპრესირება იმის გამო, რომ მინისტრი მოვიდა და მას არ ეთანხმებიან".

"მუზეუმში წლებია მუშაობენ პროფესიონალები, რომლებიც იცავენ, აქვთ შესაბამისი გეგმები შედგენილი საგანძურის ევაკუაციის, დაცვის, შენობის რეაბილიტაციის, სამუზეუმო კვარტლის მოწყობის და მოდის უცებ პოლიტიკური დავალებით მინისტრი, პირველად იხედება საქმეში და ეუბნება იქ ადამიანებს, რომლებიც უკვე 20 წელია ამა თუ იმ საქმეზე მუშაობენ, რომ შენ მე რომ არ მეთანხმები, ან სამსახურიდან უნდა წახვიდე, ან ლაბორანტი უნდა გახდე", — ამბობს ის.

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

ეკა კიკნაძის განცხადებით, მასთან ერთად სამუშაო პოზიცია ამ საკითხზე მომუშავე კიდევ 2 თანამშრომელს შეეცვალა და არცერთი მათგანი ევაკუაციის პროცესში ჩართული აღარ იქნება, შესაბამისად, მონიტორინგის საშუალება არ ექნებათ.

"პროცესში ჩართული არ იქნება ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების გუნდი. მხოლოდ ხელოვნების მუზეუმში არსებული ინტელექტუალური რესურსი (ფერწერის, გრაფიკის და ქსოვილების შესანიშნავი რესტავრატორების გათვალისწინებითაც კი), ევაკუაციის მასშტაბთან მიმართებაში, აბსოლუტურად არარელევანტურია", — აცხადებს ის.

კიკნაძე გვიამბობს, რომ ჯერ კიდევ 1973 წელს შალვა ამირანაშვილი ითხოვდა ავარიული შენობის პრობლემების მოგვარებას. მისი თქმით, ეს კარგად აჩვენებს, თუ რამდენად ნაკლებად იყო ჩვენი უახლესი ისტორიის ყველა ეტაპზე სახელმწიფოს ყურადღება ფოკუსირებული მუზეუმის საკითხებზე.

მაგალითად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებით, შენობა სამხარაულის ექსპერტების მიერ ავარიულად შეფასდა 2019 წელს. კიკნაძის თქმით, ამის შემდეგ ეროვნული მუზეუმის მთელი რესურსი იმისკენ მიიმართა, რომ შენობის რეაბილიტაციის დასრულებამდე კოლექციების განთავსებისთვის ალტერნატიული სივრცეები მომზადებულიყო.

"გადაიდგა არაერთი ნაბიჯი ამ გეგმის საბოლოო განხორციელებაზე, იმიტომ რომ ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია ეს არის საუკუნის პროექტი, ასეთი რთული სამუშაო ჩვენს ქვეყანაში არ განხორცილებეულა", — ამბობს ის.

კიკნაძის განცხადებით, როდესაც ვსაუბრობთ რეაბილიტაციაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ არის არაჩვეულებრივი, მრავალკომპონენტიანი საკითხი, სადაც გათვლილი უნდა იყოს არა მხოლოდ ის, რას აკეთებენ ახლა, 6 თვის თუ 8 თვის შემდეგ, არამედ ის, თუ რა შედეგამდე მიდიხარ და რამდენ ხანში.

ეკა კიკნაძე

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

ეს გეგმა კი ეროვნული მუზეუმის ძველ ადმინისტრაციას უკვე შემუშავებული ჰქონდა. როგორც კიკნაძე გვიყვება, ის გულისხმობდა სამი მიმდებარე შენობის გაერთიანებას ახალ სამუზეუმო კომპლექსში, სადაც თითოეულს სხვადასხვა ფუნქცია ექნებოდა.

"ისინი შეავსებენ ერთმანეთს და აქ ჩვენ გვექნება არა მხოლოდ 21-ე საუკუნის სტანდარტის შესაბამისი მუდმივმოქმედი გამოფენა ისტორიულ შენობაში, არამედ მის გვერდით შენობაში განთავსდება რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრი, რომელიც მაგალითისთვის რომ წარმოიდგინოთ, იქნება მრავალპროფილური კლინიკა, სადაც შეგიძლია უმკურნალო ნებისმიერი ტიპის პაციენტებს", — ამბობს კიკნაძე.

დასკვნაში იყო აღნიშნული ისიც, რომ ფონდსაცავებსა და საგამოფენო სივრცეებში არსებული კოლექციებისათვის აბსოლუტურად შეუფერებელი კლიმატური პირობებია, ასევე, დიდია ფართობითი ტენიანობის რყევა.

"მუზეუმის თანამშრომლებს უწევთ საკმაოდ რთულ და სრულებით შეუფერებელ გარემოში მუშაობა. შენობაში არ არის ცენტრალური გათბობა და ვენტილაცია. მიუხედავად იმისა, რომ საგანძურის მიერ დაკავებული ფართი აღჭურვილია გათბობისა და ვენტილაციის სისტემით (დანადგარი ამჟამად არ ფუნქციონირებს) ეს ვერ უზრუნველყოფს სამუზეუმო ექსპონატების დაცვას მუზეუმის მთელ შენობაში ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის მუდმივი ცვალებადობის ზემოქმედებისაგან", — ნათქვამია დოკუმენტში.

მუზეუმის ყოფილი მმართველის განცხადებით, დღეს ეს გეგმა ძალაში აღარ არის და უცნობია, რა ალტერნატიული გეგმა აქვს სამინისტროს ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

"ეროვნული მუზეუმის გუნდი არის ის გუნდი, რომელმაც უკვე დიდი და ბევრი საქმე გააკეთა და რომელმაც უკვე შეიძინა ძალიან დიდი კვალიფიკაცია, რომ ნებისმიერი სირთულის სამუზეუმო პროექტს შეეჭიდოს. ამიტომ, თუ ეს გუნდი აქ აღარ მონაწილეობს და სხვა ადამიანები აკეთებენ ახალ მუზეუმს, კი ბატონო, კარგია, მაგრამ ამ ადამიანებსა და დეტალურად, 4-5 წელზე წინასწარ გაწერილ მათ გეგმას უნდა იცნობდნენ პროფესიული წრეები და უნდა იყოს მოწონებული", — ამბობს ის და აქვე მიუთითებს, რომ როცა საქმე ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება, ეს გეგმა საჯარო უნდა იყოს.

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის ძველი პროექტის ზოგადი კონცეფცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხედვისა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ცნობილმა ფრანგმა არქიტექტორმა, ჟან-ფრანსუა მილუმ შეიმუშავა.

ისტორიული კონტექსტი

"მუზეუმის შენობა ნამდვილად არის იმ ღირებულების, რომ შეუძლებელია, პროფესიონალმა, რომელსაც სინდისი აქვს, თავი შეიკავოს და არ გამოხატოს საკუთარი პროტესტი", — ამბობს ამაშუკელი.

შენობა 1830-იან წლებში იაკობ ზუბალაშვილმა ააგო, თავდაპირველად იქ, სავარაუდოდ, სასტუმრო უნდა განთავსებულიყო, თუმცა შენობამ ეს ფუნქცია ვერ შეითავსა, მოგვიანებით კი ის ეკლესიამ შეისყიდა და სემინარია მოაწყო.

"ამის შემდეგ, რამდენჯერმე აქ სხვადასხვა სასტუმრო იყო განთავსებული, ბოლოს გადმოეცა და მან შეითავსა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, საქართველოს ეროვნული სახელმწიფო მუზეუმის", — ამბობს თამარ ამაშუკელი.

ის განიხილავს შენობის არქიტექტურულ მნიშვნელობას და ამბობს, რომ ჩვენ რომ მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით, ამას სწორედ ეს კლასიკური არქიტექტურა აჩვენებს.

"ეს არის მსოფლიოში გავრცელებული სტილი, კლასიციზმია იმ პერიოდში. თბილისში ყოველთვის ვრცელდება ძალიან მალევე ის არქიტექტურული სტილი, რომელიც მსოფლიოშია გავრცელებული და განსაკუთრებით, ევროპაში", — ამბობს ის.

სახეცვლილი თავისუფლების მოედნის ცენტრში მუზეუმის შენობა რჩება ადგილად, რომელიც კულტურულ-ისტორიულ ფასადს კვლავ ინარჩუნებს, ამიტომ მისი არსებობა, ამ მხრივაც მნიშვნელოვანია.

ფოტო: ხელოვნების მუზეუმი

მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ის თბილისი, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ და ვხედავთ, თითქმის ყველა ეტაპზე მთლიანად ამ შენობას უკავშირდებაო, გვეუბნება ამაშუკელი და აღნიშნავს, რომ შენობის განადგურება არ უნდა დავუშვათ.

"ივანე ჯავახიშვილი იქნება, ამირანაშვილი იქნება, ექვთიმე თაყაიშვილი იქნება, დიმიტრი შევარდნაძე იქნება თუ სხვა, მათ ასე სათითაოდ მოკრიფეს ეს ობიექტები, ექსპონატები და თავი მოუყარეს ერთ სივრცეში მაქსიმალური დაცვით. მათ იცოდნენ, რომ სხვა შემთხვევაში ვერ დაიცავდნენ და მომავალ თაობას ვერ გადასცემდნენ ამას. იმ ადამიანებმა, რომლებზეც ვიფიცებთ და სადღეგრძელოებს ვიძახით, შექმნეს ეს. ჩვენ ახლა ექვთიმე თაყაიშვილის საპირისპირო პროცესს ვიწყებთ და სამწუხარო იქნება, რომ ჩვენ თაობაში ესეც დავუშვათ, ესეც გავანადგუროთ", — ამბობს ის.

ფოტო გადაღებულია მუზეუმის დასაცავად გამართულ ერთ-ერთ აქციაზე

ფოტო გადაღებულია მუზეუმის დასაცავად გამართულ ერთ-ერთ აქციაზე

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

დღეს მუზეუმში 39 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება. მათგან 394-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. რას აპირებს სამინისტრო ზუსტად და რა ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ ექსპონატები უსაფრთხო ადგილას გადაიტანოს, ხოლო მუზეუმის შენობა აღადგინოს, ამას, სავარაუდოდ, მალე გავიგებთ. მიუხედავად მინისტრის დაპირებებისა, ჩვენი რესპონდენტები მომავალს სკეპტიკურად უყურებენ და აღნიშნავენ, რომ შენობა, შესაძლოა, საზოგადოების დასაცავი მაინც გახდეს.