ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინის ბაბუას, სოლომონ ცეცხლაძეს 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 6 აგვისტოს მიიღო.

როგორც სასამართლოს პრესსამსახურში განმარტავენ, სოლომონ ცეცხლაძეს ბრალდება ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რომელთაგან ერთში გამართლდა. კონკრეტულად, სსკ-ს 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ და დ ქვეპუნქტბეში, რაც გულისხმობს არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას, ცეცხლაძე გამართლდა. მას პატიმრობა სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის ა ქვეპუნქტით შეეფარდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

სოლომონ ცეცხლაძემ 14 წლის შვილიშვილზე ძალადობა 16 თებერვლას, დაკითხვისას აღიარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, გოგოს ბაბუამ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. სამართალდამცავებმა ბაბუა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 15 თებერვალს დააკავეს.

11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 14 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. 14 წლის ბავშვმა 10 თებერვალს თავი მოიკლა. საგამოძიებო უწყებამ ბრალდებული მხოლოდ ბავშვის თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა.

გაიგე მეტი: