მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვა მის "წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს" ეხებოდა. ამის შესახებ მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"დღეს გამოკითხვა შეწყდა, ხვალ გაგრძელდება 4 საათზე. საკითხი ეხებოდა, ასე ვთქვათ, ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და რაც ხვალაც გაგრძელდება. მე მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია. ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი, რომ მეტი ვილაპარაკო. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმდენად შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა, ან პროვოკაცია რაიმე სახის, ნუ ეს გამოჩნდება, თუმცა, გასაგებია, რომ გამოძიების პასუხისმგებლობა, მათ შორის ჩემს სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა, ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა", — განაცხადა მან.

On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე უწყება დამატებით ინფორმაციას ვერ ავრცელებს. დღეს გვარამია სუს-ის ოფისში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, იქ ის პირადი გადაწყვეტილები საფუძველზე მივიდა და საქმე მთავარი არხის ეთერში გავრცელებულ დოკუმენტებს არ ეხებოდა.