"ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით?" — ასე პასუხობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას რეგულაციების დარღვევით გამართულ ქეიფზე. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ადგილზე დაცული იყო დისტანცია და იმ მუნიციპალიტეტში სადაც იყო, ეპიდვითარება არის ძალიან მსუბუქი. მისივე მტკიცებით, იქ ბევრი ადამიანი წინასწარ იყო აცრილი.

"ჩვენთვის საამაყო ახალგაზრდა კაცთან, ლაშა ბექაურთან მისი მოწვევით ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროში. ორივენი ვართ ამ რეგიონიდან. ჩავედი სოფელში, აღვნიშნეთ ხალხთან ერთად მისი ტრიუმფალური გამარჯვება.

ამის შემდეგ გაიმართა, რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. ძირითადად სოფლის მოსახლეობა, ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები. თქვენ არ ვიცი ახლა რა კადრები ნახეთ, მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია, ჩვენ ვისხედით დისტანციის დაცვით, როგოც შეგვეძლო.

ახლა მე შეგეკითხებით თქვენ გულწრფელად, ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით?" — განაცხადა მან.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, გუშინ, 7 აგვისტოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამ დროისთვის აცრილი არ იყო, ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სივრცეში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია, შეკრებილები იყვნენ პირბადის გარეშე და ირღვეოდა სხვა რეკომენდაციებიც. ვიდეო სავარაუდოდ კახეთში, სოფელ არხილოსკალოშია გადაღებული, სადაც ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო.

"იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ", — თქვა ამირან გამყრელიძემ 27 ივლისს, თუმცა, პრემიერს ეს რეკომენდაცია არ შეუსრულებია.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში 4 ათასს აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღაა და სწორედ დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პიკის დაღმასვლა ჯერ არ შეინიშნება. ამ ფონზე საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც თავად პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ, რაც სოციალურ დისტანციას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას გულისხმობს. უფრო მეტიც, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ განიხილება დიდი თავშეყრების აკრძალვაც.

"არ მესმის, შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?" — ამბობდა პაატა იმნაძე 18 მაისს. როგორც ჩანს, პრემიერს არც ეს სიტყვები გაუთვალისწინებია.