მოძრაობა სირცხვილიას ცნობით, 5 ივლისის საქმეზე პროკურატურამ მათ აქტივისტებს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა. მათი ინფომრაციით, პროკურორმა უარი შემდეგნაირად დაასაბუთა:

"საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად არ დასტურდება, რომ უშუალოდ აღნიშნული პირები [სირცხვილიას წევრები] წარმოადგენდნენ დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატებს".

სირცხვილიას განცხადებით, 5 ივლისს სირცხვილიას ოფისზე თავდასხმის მომენტში მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი ოფისში იყვნენ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, კარის შემტვრევასა და ოფისში შეღწევას ცდილობდნენ.

5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან უმრავლესობა მედიის წარმომადგენელია. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

წაიკითხეთ ასევე: