კოვიდინფიცირებულმა ორსულმა, რომელიც კლინიკა ბომონდში მკურნალობს, ნაყოფი დაკარგა. ინფორმაცია On.ge-ს კლინიკაში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, ქალი თავდაპირველად ბათუმში მკურნალობდა, თუმცა ხელწერილის საფუძველზე ის სახლში გაწერეს. ამის შემდეგ, სასწრაფომ პაციენტი კლინიკა ბომონდიში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანა.

"პაციენტს უტარდებოდა ყველა შესაბამისი მკურნალობა, რაც კი შეიძლებოდა, ჩართულები იყვნენ მედიკოსები, პაციენტს ასევე შესთავაზეს გადაყვანა, დარეფერალება, რაზეც უარი განაცხადა ოჯახმა. კლინიკა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს იმას, რომ მთელი გუნდი 24-საათიან რეჟიმში ჩართული იყო მისი მკურნალობის საქმეში. სამწუხაროდ, ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა", — აცხადებენ კლინიკაში.

მათივე თქმით, პაციენტს გადასარჩენად ყველა საჭირო პროცედურა უტარდება. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა სხვა კლინიკაში გადაყვანაზეც. როგორც კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა TV პირველის ეთერში განაცხადა, კოვიდინიფიცირებულის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას თანმხლები დაავადებები არა აქვს.