დღეს, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ის აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთმა ფაქტებმა მიიყვანა ქვეყანა 5 ივლისამდე, წაახალისა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობა.

"მოლოდინია, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. სწორედ ასეთმა ფაქტებმა მიიყვანა ჩვენი ქვეყანა 5 ივლისამდე, როცა წაახალისა ჟურნალისტებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობა. სწორედ ამ ძალადობრივ მოწოდებას შეეწირა ჩვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავა. ეს იყო სიძულვილის მოწოდებების შედეგი, რაც მოხდა ჩემ შემთხვევაში. მოლოდინია, რომ დაკავებული გამტყუნდებიან, რადგან ამისთვის ყველა მტკიცებულება არსებობს", — განაცხადა მან.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მოელიან, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

"არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ და არცერთ ბრალდებულს დუმილის უფლება არ გამოუყენებია. მათ ყველამ მისცეს ჩვენება. მე ვიცავ გიორგი სახელაშვილის ინტერესებს და მოველი გამამართლებელ განაჩენს", — აცხადებს ის.

ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მის მიმართ გამოხატული აგრესიის მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობა იყო.