თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელებს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ხშირად ადანაშაულებენ. მათი ოპონენტები კორუფციულ გარიგებებზეც საუბრობენ ხოლმე. სწორედ ამიტომ, On.ge დაინტერესდა, რა ქონებას ფლობენ ქართული ოცნების მერობის კანდიდატები და ამის გასაგებად მათი დეკლარაციები შეისწავლა.

ბინები, სახლები, მიწის ნაკვეთები, ავტომობილები და სხვა სახის ქონება — ქართული ოცნების მერობის კანდიდატებს შორის შეხვდებით მდიდრებსაც და ძალიან მდიდრებსაც. ამ მხრივ, გამორჩეულია თბილისის მოქმედი მერისა და კანდიდატის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაცია — ყველასთვის ცნობილია, რომ კალაძე მილიონერების რიგს მიეკუთვნება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ქარელის მოქმედი მერი და კანდიდატი, ზაზა გულიაშვილიც, რომელიც ოთხი ბინისა და სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელია — დეკლარაციის მიხედვით, გარდა საჯარო სექტორში საქმიანობისა, ის შემოსავალს სასოფლო სამეურნეო ბიზნესიდანაც იღებს.

სტატიის მომდევნო ნაწილში ქართული ოცნების იმ კანდიდატების შესახებ გიყვებით, რომლებსაც საჯარო სექსტორში მუშაობის გამო, დეკლარაციების შევსების ვალდებულება აქვთ, შესაბამისად, მათი ქონების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

კახა კალაძე

კახა კალაძე თბილისის მოქმედი მერი და თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობის კანდიდატია. ქონებრივი დეკლარაცია კალაძემ ბოლოს მიმდინარე წლის 31 იანვარს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, მას და მის ცოლს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებში, სახლებში, ბინებსა და სხვა უძრავ ქონებაში, სხვადასხვა დროს, 2 515 120 ლარი და 1 827 000 დოლარი აქვთ გადახდილი. კალაძე ფლობს 8 ბინას, საიდანაც 2 უკრაინაში მდებარეობს, ხოლო 6 თბილისში. ასევე, მათ აქვთ 3 საცხოვრებელი სახლი, 2 აგარაკი, 2 არასაცხოვრებელი ფართი, 3 ავტოსადგომი, 3 ავტოფარეხი და 6 155 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები.

როგორც ჩანს, თბილისის მერი ხელოვნებითაც არის დაინტერესებული — მის საკუთრებაშია ფერწერული ტილოები, რომლებშიც, ჯამურად, 245 000 დოლარი აქვს გადახდილი. ამასთან, მას აქვს 3 მსუბუქი ავტომობილი და 4 მოტოსატრანსპორტო საშუალება, რომლებშიც 120 000 ევრო, 66 116 ლარი და 120 000 დოლარი აქვს გადახდილი.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კალაძეს იტალიურ ბანკში, ინტეზა სან პაოლოში ანგარიში აქვს გახსნილი, სადაც 4 200 000 დოლარი აქვს განთავსებული. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დედაქალაქის მერს შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე 3 672 375 ევრო და 365 000 დოლარი ჰქონდა ჩარიცხული. სხვა ანგარიშებზე არსებული თანხების ჯამური რაოდენობა კი 1 539 ლარი, 17 275 დოლარი, 8 088 ევრო და 10 გირვანქა სტერლინგი იყო. ასევე, დეკლარაციის შევსების თარიღისთვის, დანაზოგის სახით, კალაძეს 4 500 ლარის, 7 500 დოლარისა და 8 000 ევროს ოდენობის ნაღდი ფული ჰქონდა.

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, 2020 წელს კალაძის სახელფასო შემოსავალი 29 917 ლარი იყო. როგორც კალაძეს აქვს გაცხადებული, ის ხელფასს არ იღებს და ამ თანხას ქველმოქმედებისთვის ხარჯავს. კალაძის დეკლარაციაში მითითებულია, რომ დედაქალაქის მერმა 2020 წელს ქველმოქმედებისთვის 280 000 ლარი დახარჯა.

2020 წელს კალაძის ოჯახმა 1 468 817 დოლარის სხვადასხვა ტიპის შემოსავალი მიიღო. გარდა ამისა, ანუკი არეშიძის მიერ სესხის აღებიდან მიღებულმა შემოსავალმა 167 115 ევრო შეადგინა.

რაც შეეხება გაწეულ ხარჯებს, გასულ წელს კალაძისა და მის ცოლის სხვადასხვა ხელშეკრულების საფუძველზე (სესხი, ნასყიდობა, იჯარა და სხვა) ხარჯების მოცულობა 430 938 ლარი, 850 583 დოლარი და 106 546 ევრო იყო.

დეკლარაციის მიხედვით, კალაძისა და მისი ოჯახის სხვა ხარჯებმა კი 326 322 ლარი, 67 520 დოლარი და 171 059 ევრო შეადგინა. მათ შორის, 60 000 ლარი კალაძემ პარტია ქართულ ოცნებას შესწირა.

ავთანდილ თალაკვაძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩლ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე ქართული ოცნების ოზურგეთის მერობის კანდიდატია. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 31 მარტს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, თალაკვაძის ცოლის, მაკა შავგულიძის სახელზეა ქალაქ თბილისში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომლებშიც შეძენისას 311 876 ლარი და 26 730 დოლარია გადახდილი. ამასთან, თალაკვაძე ფლობს მოტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელშიც მერობის კანდიდატს 2018 წელს 4 500 დოლარი აქვს გადახდილი.

დოკუმენტის მიხედვით, დეკლარაციის შევსების მომენტში თალაკვაძესა და მის ცოლს 3 500 ლარისა და 1 200 დოლარის მოცულობის ნაღდი ფული ჰქონდათ. გარდა ამისა, მათ სახელფასო, მიმდინარე და საანაბრე ანგარიშზე 112 555 ლარი, 8 905 დოლარი და 631 ევრო ერიცხებოდათ. თალაკვაძის საკრედიტო ანგარიშზე კი 322,73 ლარის გამოსაყენებელი ლიმიტი იყო განთავსებული.

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, თალაკვაძის ცოლმა 2020 წელს სამეწარმეო საქმიანობიდან 19 151 ლარი მიიღო, ხოლო თავად თალაკვაძემ, ამავე წელს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუშაობისას ხელფასის სახით 80 300 ლარი გამოიმუშავა — როგორც ცნობილია, ის სსიპ-საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

რაც შეეხება გასავალს, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მან 2020 წელს ორი იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის 8 522 დოლარი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ თალაკვაძის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კითხვები აქვს საერთაშორისო გამჭვიროვალობა — საქართველოს. ორგანიზაციამ ცესკოში საჩივარი შეიტანა, რომელიც ავთანდილ თალაკვაძის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას ეხებოდა. TI საჩივარში საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევაზე მიანიშნებს და მოკვლევის ჩატარებას ითხოვს.

თორნიკე ჯანაშია

ქართულმა ოცნებამ თორნიკე ჯანაშია მარტვილის მერობის კანდიდატად წარადგინა. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 31 იანვარს შეავსო. ჯანაშია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა.

დეკლარაციის მიხედვით, ჯანაშიას მემკვიდრეობით აქვს მიღებული ერთი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ამასთან, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე 7 600 კვ.მ მიწის ნაკვეთში 5 000 ლარი აქვს გადახდილი.

ჯანაშია Toyota-ს ფირმის ავტომობილსაც ფლობს, რომელიც 92 000 ლარად 2017 წელს შეიძინა. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის კი, მისი და მისი ცოლის, სოფიკო გეგიას მიმდინარე და სახელფასო ანგარიშებზე სულ 2 068 ლარი იყო განთავსებული, ხოლო თავად ჯანაშიას საკრედიტო ანგარიშიდან 3 516 ლარის ლიმიტი ჰქონდა გამოყენებული.

ჯანაშია და მისი ცოლი რამდენიმე შპს-ს წილსაც ფლობენ. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, შპს გეოვუდ კომპანის საქმიანობიდან 2020 წელს ჯანაშიამ 120 000 ლარის შემოსავალი მიიღო. გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, მან გასულ წელს საოჯახო მეურნეობიდან 11 700 ლარი გამოიმუშავა.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თორნიკე ჯანაშიას სახელფასო წლიური შემოსავალი 16 320 ლარი იყო.

რაც შეეხება ხარჯებს, როგორც დეკლარაციიდან ხდება ცნობილი, ჯანაშიამ სესხის სანაცვლოდ გასულ წელს 16 937 ლარი გადაიხადა.

ჯონდო მდივნიშვილი

ჯონდო მდივნიშვილი მმართველმა პარტიამ ლაგოდეხის მერობის კანდიდატად წარადგინა. მის მიერ ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 იანვრით თარიღდება. მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერია.

დეკლარაციის მიხედვით, მდივნიშვილების ოჯახი ერთადერთ უძრავ ქონებას ფლობს. თბილისში მდებარე ბინა ჯონდო მდივნიშვილის ცოლის, ნინო ჩალაძის სახელზეა გაფორმებული — მასში 2007 წელს 30 000 ლარია გადახდილი. ნინო ჩალაძეს ეკუთვნის Toyota-ს მარკის ავტომობილიც, რომელიც 4 900 დოლარად შეიძინა.

დოკუმენტის შევსების მომენტისთვის მდივნიშვილს ნაღდი ფულის სახით 24 000 ლარის დანაზოგი ჰქონდა. გარდა ამისა, მისი და მისი ცოლის სახელფასო და მიმდინარე ანგარიშებზე 3 742 ლარი იყო განთავსებული. ამასთან, მდივნიშვილს საკრედიტო ანგარიშიდან 9 805 ლარის ლიმიტი ჰქონდა გამოყენებული.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს ლაგოდეხის მერის პოსტზე მდივნიშვილის წლიურმა სახელფასო ანაზღაურებამ 24 931 ლარი შეადგინა.

დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მდივნიშვილის ცოლმა, ნინო ჩალაძემ სესხის აღებიდან 28 700 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო თავად მდივნიშვილს კრედიტის დაფარვის მიზნით 7 831 ლარის ხარჯი ჰქონდა.

ილია საბაძე

ილია საბაძე წალკის მერობისთვის იბრძვის. მან ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 24 მარტს, წალკის მერის პოსტზე ყოფნისას შეავსო.

ის და მისი ცოლი, მარინა საბაძე ფლობენ საცხოვრებელ სახლსა და ბინას თბილისში. ასევე, მიწის ნაკვეთებსა და ავტოფარეხს. საბაძეების უძრავი ქონების ჯამური ღირებულება (შეძენისას გადახდილი თანხა) 80 500 დოლარი და 918 ლარია.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ილია საბაძის სახელფასო ანგარიშზე 2 624 ლარი იყო. ამასთან, მის მფლობელობაში არსებული ნაღდი სახის დანაზოგი 4 300 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, საბაძემ 2020 წელს წალკის მერიაში მერის პოზიციაზე მუშაობის დროს 31 934 ლარის სახელფასო შემოსავალი მიიღო.

გიორგი წიკლაური

გიორგი წიკლაური ქართული ოცნების თეთრიწყაროს მერობის კანდიდატია. მან ქონებრივი დეკლარაცია 12 ივლისს განაახლა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წიკლაურის ცოლმა, ნუნუ ცალუღელაშვილმა 2020 წელს ქალაქ თბილისში მდებარე 73,1 კვ.მ ბინა შეიძინა, რომელშიც 160 000 ლარი გადაიხადა. წიკლაურების ოჯახი მემკვიდრეობით მიღებულ და ნაჩუქარ კიდევ ერთ ბინას, მიწის ნაკვეთებსა და ავტოფარეხს ფლობს.

გიორგი წიკლაურის შვილს, მარიამ წიკლაურს ეკუთვნის Nissan-ის მარკის ავტომობილი, რომელშიც 2016 წელს 4 000 დოლარია გადახდილი.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის წიკლაურების ოჯახის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამურად 2 385 ლარი და 200 დოლარი იყო.

გიორგი წიკლაურის ქონებრივ დეკლარაციაში მის მიერ გასულ წელს მიღებული სახელფასო შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული. დოკუმენტის მიხედვით, მისმა ცოლმა გასულ წელს ჯამურად 10 000 ლარის, ხოლო შვილმა 10 500 ლარის სახელფასო შემოსავალი მიიღეს.

დოკუმენტში სესხის აღებიდან მიღებულ შემოსავალზეც არის საუბარი და მითითებულია, რომ გიორგი წიკლაურმა და მისმა ცოლმა სამომხმარებლო სესხების გაფორმების შედეგად, ჯამურად, 170 100 ლარის შემოსავალი მიიღეს.

ვახტანგ მაისურაძე

ვახტანგ მაისურაძე კასპის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერია და ქართული ოცნების სახელით ამავე მუნიციპალიტეტში იბრძვის გამარჯვებისთვის. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 27 მაისს შეავსო.

მაისურაძე თბილისში 4 ბინას ფლობს, რომელთა ყიდვის სანაცვლოდაც, სხვადასხვა დროს, 92 700 დოლარი და 16 820 ლარი აქვს გადახდილი. ვახტანგ მაისურაძემ 2015 წელს შეიძინა ავტოფარეხი, რომელშიც 15 000 დოლარი გადაიხადა. ამასთან, მის მფლობელობაშია ისნის რაიონში მდებარე 1 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მაისურაძემ 2020 წელს 94 300 ლარის სანაცვლოდ შეიძინა.

მაისურაძე ფლობს Toyota-სა და Mitsubishi-ს მარკის ავტომობილებს, რომლებშიც ჯამურად 10 500 დოლარი აქვს გადახდილი.

დეკლარაციის შევსების თარიღისთვის, მაისურაძისა და მისი ცოლის საბანკო ანგარიშებზე 9 328 ლარი და 8 789 დოლარი იყო. 2020 წელს მაისურაძის სახელფასო შემოსავალმა 36 420 ლარი შეადგინა — ის ჯერ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2020 წლის მიწურულს კასპის მუნიციპალიტეტის მერი გახდა.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 2020 წელს ვახტანგ მაისურაძის ცოლმა უძრავი ქონების გაყიდვიდან 105 000 ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, 2020 წლის განმავლობაში მაისურაძემ იპოთეკური სესხების მომსახურებისთვის 5 965 დოლარი გადაიხადა.

ზაზა გულიაშვილი

ზაზა გულიაშვილი ქარელის მოქმედი მერია. ის ამავე მუნიციპალიტეტში იყრის კენჭს. გელაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 23 აპრილს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, ზაზა გელაშვილი 4 ბინას ფლობს, რომელთაგან 3 თბილისში, ხოლო 1 ქარელის რაიონში მდებარეობს. ქარელიში არსებული უძრავი ქონება მან მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო თბილისის ბინებში სხვადასხვა დროს 59 500 დოლარი და 136 626 ლარი აქვს გადახდილი. გარდა ამისა, ის ფლობს ქარელის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რომლებშიც 16 000 ლარი აქვს გადახდილი. ამასთან, მას ეკუთვნის არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც გულიაშვილმა 2018 წელს 10 000 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, გულიაშვილის მფლობელობაში მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელშიც მან 2012 წელს 5 300 დოლარი გადაიხადა. ამასთან, ის ფლობს Iseki-ის ფირმის სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორს, რომელშიც 2016 წელს 6 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, გულიაშვილის სახელფასო ანგარიშზე 2 744 ლარი იყო. მისი საკრედიტო ანგარიშიდან 5 736 ლარის ლიმიტი იყო გამოყენებული, ხოლო აგრო სესხების მოცულობა 140 551 ლარს აღწევდა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2020 წელს, ქარელის მუნიციპალიტეტში მერად მუშაობის პერიოდში, მისი წლიური სახელფასო შემოსავალი 39 600 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომ გულიაშვილმა გასულ წელს სოფლის მეურნეობიდან 75 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, გულიაშვილმა 2020 წელს ორი აგრო სესხი აიღო, საიდანაც 173 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

ოთარ არბოლიშვილი

ოთარ არბოლიშვილი მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატად ბორჯომში წარადგინა. მის მიერ ბოლო შევსებული ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 28 მაისით თარიღდება.

თუ არბოლიშვილის უძრავი ქონების ჩამონათვალს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ის ბორჯომში 3 საცხოვრებელ სახლს ფლობს. აქედან 1 მემკვიდრეობით აქვს მიღებული, ხოლო დანარჩენ ორში ჯამში 50 000 ლარი აქვს გადახდილი. მის საკუთრებაშია ბორჯომში მდებარე მიწის ნაკვეთებიც, რომლებშიც სხვადასხვა დროს 44 000 ლარი და 24 000 დოლარი აქვს გადახდილი.

დოკუმენტის მიხედვით, ოთარ არბოლიშვილი ფლობს სამ მსუბუქ და ერთ სატვირთო ავტომანქანას, რომლებშიც 25 700 დოლარი აქვს გაღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის არბოლიშვილის საკრედიტო ანგარიშზე 137 000 ლარის ლიმიტი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე 100 000 ლარი იყო განთავსებული.

არბოლიშვილის ცოლი, მაკა მთიულიშვილი ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, რომელმაც საკუთარი საქმიანობიდან 2020 წელს 30 000 ლარის შემოსავალი მიიღო. თავად არბოლიშვილმა კი, გასულ წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის პერიოდში 34 330 ლარის წლიური სახელფასო შემოსავალი მიიღო.

გარდა ამისა, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ორი იპოთეკური სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე 2020 წელს არბოლიშვილმა 137 000 დოლარისა და 100 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

ვახტანგ ბერიძე

ვახტანგ ბერიძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერია და საკუთარი პოზიციის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 26 იანვარს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, ბერიძე 4-სართულიან სახლს ფლობს, რომელიც ბათუმში მდებარეობს და რომლის ასაშენებლადაც ამ დროისთვის 80 000 ლარი აქვს გაღებული. ამასთან, მის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთები, რომელთა შესაძენად ბერიძეს 2016 წელს 50 000 ლარი აქვს გადახდილი.

ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ ვახტანგ ბერიძის ცოლმა, ნანული ბერიძემ 2020 წელს სამეწარმეო საქმიანობიდან 17 210 ლარის შემოსავალი მიიღო — როგორც ირკვევა, ის ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული. თავად ბერიძემ კი, 2020 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში მერად მუშაობის სანაცვლოდ 30 278 ლარის სახელფასო შემოსავალი მიიღო.

ასევე, დეკლარაციაში მითითებულია, რომ ბერიძესა და მისი ოჯახის წევრებს გასულ წელს სესხების მომსახურების სანაცვლოდ 31 187 ლარის საპროცენტო გადასახადი ჰქონდათ.

ლადო ჯურხაძე

ლადო ჯურხაძე ქართული ოცნების სახელით ხონში იყრის კენჭს, ის ამ რაინის მოქმედი მერია. მჯურხაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 26 იანვარს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, ლადო ჯურხაძე და მისი ცოლი, ლიანა ლაბარტყავა ფლობენ საცხოვრებელ სახლს დაბა ბაკურიანში და ორ ბინას ქალაქ თბილისში. აქედან ერთი ბინა ლაბარტყავამ მემკვიდრეობით მიიღო. მეორე ბინაში კი, ჯურხაძემ 2020 წელს 190 225 ლარი გადაიხადა. რაც შეეხება ბაკურიანში მდებარე საცხოვრებელ სახლს, ამ უძრავ ქონებაში ლიანა ლაბარტყავას 2012 წელს 40 000 დოლარი აქვს გადახდილი.

დეკლარაციიდან ისიც ირკვევა, რომ ჯურხაძის ცოლმა 2009 წელს შეიძინა Ssangyong Bryanston-ის ავტომანქანა, რომელშიც მან 22 000 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დოკუმენტის მიხედვით, ლიანა ლაბარტყავას სახელზეა ანაბარი, რომელზეც დეკლარაციის შევსების მომენტისთვის 113 416 ლარი იყო განთავსებული. გარდა ამისა, ჯურხაძისა და მისი ცოლის ანგარიშებზე 4 821 ლარი, 3 150 დოლარი და 635 ევრო იდო.

ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ლადო ჯურხაძე არაერთი შპს-ს პარტნიორი და მეწილეა, თუმცა დოკუმენტის მიხედვითვე, გასულ წელს მას ამ კომპანიების საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია.

დოკუმენტში მითითებულია, რომ ჯურხაძემ გასულ წელს ხონის მუნიციპალიტეტის მერად მუშაობის სანაცვლოდ 28 035 ლარის ხელფასი მიიღო. მისი ოჯახის წევრების სახელფასო შემოსავალმა კი 37 014 ლარი შეადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს ლადო ჯურხაძეს სესხების დაფარვის გამო 23 297 ლარისა და 46 955 ევროს გასავალი ჰქონდა. აქვე მითითებულია ისიც, რომ ჯურხაძის ცოლმა ბინა გაყიდა, საიდანაც 56 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.

გარდა ამისა, 2020 წელს ჯურხაძის ცოლს სწავლის ხარჯი ჰქონდა — 12 663 ლარი. მისი ანაბრის საპროცენტო შემოსავალმა კი 12 090 ლარი შეადგინა.

გოგა გულორდავა

გოგა გულორდავა ქართულმა ოცნებამ წალენჯიხის მერობის კანდიდატად დაასახელა. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალ შეავსო.

გულორდავას დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის ფლობს თბილისში მდებარე 153 კვ.მ ფართის მქონე ბინას, რომლის ყიდვის სანაცვლოდაც 2017 წელს 125 000 დოლარი აქვს გადახდილი. ასევე, მის თანამფლობელობაშია არასაცხოვრებელი ფართიც, რომელშიც გულორდავას 45 000 დოლარი აქვს გადახდილი.

დოკუმენტის მიხედვით, გულორდავამ 2019 წელს შეიძინა Toyota-ს ფირმის ავტომობილი, რომელშიც 14 500 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების თარიღისთვის გულორდავასა და მისი ცოლის სახელფასო და მიმდინარე ანგარიშებზე ჯამში 45 677 ლარი იყო განთავსებული. ერთი საკრედიტო ანგარიშის გამოსაყენებელი ლიმიტი 10 000 ლარი, ხოლო მეორედან გახარჯული თახის მოცულობა 91 883 ლარი იყო.

გოგა გულორდავამ პარლამენტში დეპუტატად მუშაობის პერიოდში, 2020 წელს, 42 323 ლარის სახელფასო შემოსავალი მიიღო. მას იჯარით ჰქონდა გაცემული არასაცხოვრებელი ფართი, საიდანაც გასულ წელს 25 536 ლარის შემოსავალი დაუფიქსირდა. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, გულორდავამ იპოთეკური სესხის დასაფარად 28 440 ლარის ხარჯი გასწია.

დათო გოგუა

დათო გოგუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოქმედი მერია. ის ქართული ოცნების სახელით კვლავ ამავე მუნიციპალიტეტის მერობისთვის იბრძვის. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 12 თებერვალს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, გოგუა ფლობს სამ საცხოვრებელ სახლს, საიდანაც ერთი მემკვიდრეობით აქვს მიღებული. დანარჩენი ორის ყიდვის სანაცვლოდ კი 66 500 დოლარი აქვს გადახდილი. გარდა ამისა, მის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთები თბილისსა და ჩხოროწყუში — ამ უძრავ ქონებაში გოგუამ სხვადასხვა დროს 18 500 დოლარი გადაიხადა. ასევე, გოგუა ფლობს მერსედესის მარკის ავტომობილს, რაშიც 2017 წელს 12 000 ლარი გადაიხადა.

დოკუმენტის შევსების თარიღისთვის გოგუას ჰქონდა 7 000 ლარის ოდენობის ნაღდი თანხის დანაზოგი, ხოლო მის საბანკო ანგარიშზე 350 ლარი ირიცხებოდა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერად მუშაობისთვის დათო გოგუამ გასულ წელს 21 295 ლარის სახელფასო შემოსავალი მიიღო. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 19 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მის ხარჯებს, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, გოგუამ გასულ წელს სესხებისა და ავტომობილის დაზღვევის მომსახურებისთვის ჯამში 7 250 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, მან 16 000 ლარის ოდენობის სარემონტო ხარჯიც გასწია.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვიროვალობა — საქართველომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საეჭვო შესყიდვებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა იგებენ. ორგანიზაციის თქმით, ქარჩავები ამავე დროს ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან. როგორც კვლევაშია ნათქვამი, მათ 2011 წლიდან დღემდე 3 377 519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.


გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატები კიდევ 51 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში წარადგინა, თუმცა მათ ნაწილს დეკლარაცია შევსებული არ აქვს, რადგან კანონით ეს ვალდებულება მხოლოდ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თანამდებობის პირებს ეკისრებათ.

საქართელოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.