თალიბანმა ქაბულში პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლე აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian და CNN თალიბანის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ. CNN წერს, რომ თალიბანმა ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გაავრცელა სასახლეში გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს რომ შენობა ცარიელია.

ამას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ეს ინფორმაცია დილიდან ვრცელდებოდა, თუმცა Aljazeera მაშინ წყაროზე დარყდნობით ამ ფაქტს უარყოფდა. მოგვიანებით კი Reuter-სა და CNN-ს ავღანეთის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, რომ აშრაფ ღანი ტაჯიკეთში წავიდა.

გარდა ამისა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბანის 9 წარმომადგენელი ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა. ასევე, მედიები წყაროზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ავღანეთის მთავრობის მაღალი რანგის წევრები მალე გაემგზავრებიან დოჰაში, თალიბანთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

თალიბანის მეომრები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ეს ბოლო ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელიც თალიბანი არ აკონტროლებდა. არსებული ინფორმაციით, თალიბანს ქალაქი არ აუღია და მის შემოგარენში არიან განლაგებული, თუმცა რამდენიმე რეგიონში მეომრები უკვე შევიდნენ.

The Guardian-ის ინფორმაციით, თალიბანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ არ აპირებენ "სამაგიერო გადაუხადონ" არავის, მათ შორის მათ, ვინც ავღანეთის ხელისუფლებაში მუშაობდა. თუმცა, როგორც AP წერს, საჯარო მოხელები შიშით ტოვებენ დაწესებულებებს. Aljazeera-ს ინფორმაციით, თალიბანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქის ძალით აღებას არ აპირებენ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ "გარდამავალი პროცესი უსაფრთხოდ დასრულდეს".

ავღანეთში ძალადობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა და სხვა საერთაშორისო ძალებმა 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, 1 მაისიდან ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს, დასრულდება.