მას შემდეგ, რაც ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და მებრძოლები ქაბულში შევიდნენ, თალიბანმა ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ალ ჯაზირა თალიბანის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მადლობა ღმერთს, ქვეყანაში ომი დასრულდა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისკენაც მივისწრაფვოდით — ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და ჩვენი ხალხის დამოუკიდებლობას. არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი მიწა ვინეზე თავდახმისთვის გამოყენოს და არ გვინდა, ვინმეს ზიანი მივაყენოთ", — უთხრა სპიკერმა ალჯაზირას.

მისივე თქმით, იზოლაციაში ცხოვრებას არ აპირებენ და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას შეინარჩუნებენ. ამასთან, როგორი იქნება ავღანეთის მმართველობის და მართვის ფორმა, მალე გახდება ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, ქაბულის ქუჩებში დღეს დილიდან სიწყნარე იყო, მაგრამ საერთაშორისო აეროპორტი ქაოსმა მოიცვა, რადგან ასობით ავღანელი სასოწარკვეთილია იმის გამო, რომ ქვეყნის დატოვება უნდათ და ვერ ახერხებენ.

შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები ასევე ცდილობენ თავიანთი დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაციას.

თალიბანმა პირველი დიდი ქალაქის აღება 6 აგვისტოს მოახერხა, ათ დღეში კი მთელ ქვეყანას აკონტროლებს. ავთანეთში თალიბანი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-მა და სხვა საერთაშორისო ძალებმა 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, 1 მაისიდან ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს, უნდა დასრულებულიყო. აშშ-ს ამ დროისთვის მთავარი სტრატეგიული წერტილი — ბაგრამის ავიაბაზა, უკვე დატოვებული ჰქონდა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი რჩებოდა და ისინი საელჩოს იცავდნენ. ივნისის ბოლოს The Wall Street Journal-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურთან დაახლოებული პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ დაზვერვის სამსახურის დასკვნით, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, აშშ-ის ძალების მიერ ავღანეთის დატოვებიდან 6 თვეში შესაძლოა, ქაბულის მთავრობა დაეცეს.