პოლიციამ ყოფილი დეპუტატი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მკვლელობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მან სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა.

დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ჯ.ჯ., რომელსაც შსს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

შსს-ს ინფორმაციით, გუშინ, 16 აგვისტოს, წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უწყება ამბობს, რომ დაპირისპირებისას 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ცეცხლი გახსნა იარაღიდან, რომელიც დაკავებულ ჯ.ჯ.-ს სახელზეა რეგისტრირებული. შსს-ს ინფორმაციით, ამას 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 2 კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სწორედ ამ ორ გარდაცვლილს შორისაა ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-ს ცნობით, მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა პირი, რომლის გასროლის შედეგადაც გარდაიცვალა ზვიადაურის ძმა.

შსს-ს ამბობს, რომ დაპირისპირებისას დაჭრილ ორს პირს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები — "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.