საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილას უნდა შეიქმნას ახალი ეკონომიკური ზონა. მან ეს განცხადება წინასაარჩევნოდ, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის წარდგენაზე გააკეთა.

"გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილას უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია ის, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ ყველა ის კომპეტენტური საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროში არის სპეციალიზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი. თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით. ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად ახალი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ ამ მხარეში და ამ რეგიონში", — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.