ყოფილი დეპუტატისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის განცხადებით, ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ალტერნატივად სასამართლოს მოვთხოვთ აუცილებლად, რომ გირაოთი იყოს დატოვებული და ასევე, თავდებობასაც. ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს. ვიცი, რომ ოლიმპიური მოქმედი ჩემპიონები არიან მზად", — განაცხადა მან.

ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობს თუ არა, ლაშა ბექაურს, ის პასუხობს, რომ მზადყოფნას, სავარაუდოდ, ლაშა ტალახაძეც გამოთქვამს.

"დიახ და არა მარტო ბექაურს, ალბათ, ლაშაც ტალახაძეც იქნება, მზაობას გამოთქვამს [...] მზად არიან, რომ ჩაუდგნენ თავდებში", — აცხადებს ის.

ზვიადაური პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 17 აგვისტოს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მან სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა.