საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 3,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22,1% შეადგინა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, უმუშევრობის დონე ბოლო რამდენიმე წლის მაქსიმალურ მაჩვენებელზეა.

რაც შეეხება უმუშევართა რაოდენობას, რომლებიც სამსახურს ეძებენ, მათი რიცხვი 344,6 ათასს აღწევს და წლიურად 67,2 ათასი ადამიანით არის გაზრდილი.

ფოტო: საქსტატი

სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 3 მილიონი 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 51%, ანუ 1,56 მილიონი ეკონომიკურად აქტიური იყო. აქ იგულისხმებიან ის პირები, რომლებიც სამსახურს ეძებენ და მუშაობის დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მათი რიცხვი ბოლო ერთი წლის ჭრილში 3%-ით არის გაზრდილი.

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 1,9%-ით შემცირდა და 1,2 მილიონი ადამიანი შეადგინა. მათ შორის, დაქირავებული იყო 831,7 ათასი ადამიანი (წლიური კლება — 0,9%), ხოლო თვითდასაქმებული — 381,8 ათასი (წლიური კლება — 4%). დასაქმებულთა შორის 68,5% დაქირავებული, ხოლო 31,4% თვითდასაქმებული იყო.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ქალაქებში 24,1%, ხოლო სოფლებში 19%-ია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ სოფლად თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი მაღალია. ამასთან, წლიური ზრდა ფიქსირდება როგორც ქალაქებში (2,3 პროცენტული პუნქტით), ასევე სოფლებში (6,2 პროცენტული პუნქტით).

რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს გენდერულ ჭრილში, უმუშევრობის დონე კაცებში 24,5%, ხოლო ქალებში 18,9%-ია, რაც რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. საქსტატის მიხედვით, უმუშევრად მიიჩნევა ის, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს და მზად არის დაიწყოს მუშაობა — სამუშაოს მაძიებლები ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად ითვლებიან. ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკურად აქტიური ადამიანი კაცებს შორის 63,7%, ხოლო ქალებში 40,7%-ია.

იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო ბაზარზე ქალების აქტიურობის დონე დაბალია, ნაკლებია უმუშევრობის პროცენტული წილიც. ამასთან, შრომის ბაზარზე ქალების ნაკლები აქტიურობა პირდაპირ ბმაშია ქალთა უფლებებთან, რადგან ქალებს სამსახურის ძიებისას ბევრი წინააღმდეგობის გავლა უწევთ. ასევე, განსხვავდება მათი ანაზღაურება. ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება. გარდა ამისა, საოჯახო საქმეებში მეტწილად ქალები არიან ჩართულები, რაც სამსახურის ძიებისას კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე წლიურად 0,9 პროცენტული პუნქტით, 18,5%-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წლიდან 2020 წლამდე უმუშევართა რაოდენობამ 5 ათასით, 281,9 ათასამდე მოიმატა.