უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი მადლობას უხდის საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის ფონზე, საქართველოს მხარდაჭერა უკნაინისთვის ძალიან ღირებულია.

"მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის, დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტიური პოზიციისთვის

რუსეთის ფედერაციიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღიარებული", — განაცხადა დენის შმიგალმა.

ეს განცხადება შმიგალმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. ღარიბაშვილი უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ აუცილებელია კონსოლიდირებული ძალისხმევა, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე", — განაცხადა დენის შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმინისტრის თქმით, ღარიბაშვილთან ერთად განიხილა საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შესაძლებლობები. ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით NATO-სთან თანამშრომლობის მექანიზმები. შმიგალმა ყურადღება გაამახვილა 19 ივლისს, ბათუმში, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერის მნიშვნელობაზეც.

საქართველოს დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით უკრაინაში გუშინ, 21 აგვისტოს ჩავიდა. 23 აგვისტოს ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები დაესწრებიან.