გიორგი გახარიას პარტიის აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, მათ წევრებზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც მიქელაძე ამბობს, მმართველი გუნდის წევრები ფულს სთავაზობენ პარტია საქართველოსთვის კანდიდატებს, რომ წარდგენის შემდეგ პარტია დატოვონ .

ჟურნალისტის კითხვას, აქვთ თუ არა კონკრეტული მტკიცებულებები და ჩანაწერები, მიქელაძემ უარყოფითი პასუხი გასცა. ასევე, მან თავი შეიკავა იმ ადამიანების სახელებისა და გვარების თქმისგან, ვისზეც ზეწოლა ხორციელდება, თუმცა აღნიშნა, რომ მოსყიდვის სამიზნე იყვნენ, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სიის წევრები.

"ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე და რიგ შემთხვევაში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი იმისთვის, რომ წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადებები არჩევნების დატოვების, ჩვენი გუნდის დატოვების შესახებ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს ბათუმის ოფისთან დაკავშირებით", — განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ქართული ოცნება ვერანაირი შანტაჟითა და ძალადობით ვერ შეძლებს გახარიას გუნდის "შესრულებას".

"მინდა მივმართო ხელისუფლებას რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის მოსყიდვა და შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ჩვენ თქვენ ნამდვილად ვერ შეგვასრულებთ და აუცილებლად ქართველი ხალხი გიპასუხებთ არჩევნებზე და ეს პასუხი იქნება თქვენი ხელისუფლების ცვლილება, ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით" , — აღნიშნა აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გახარიას გუნდის წევრები ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლისა და საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის მცდელობებზე საუბრობენ. პარტიის წევრები მმართველ გუნდს თვალთვალშიც ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, შეხვედრებზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები დაჰყვებიან. ამასთანავე, გახარიას პარტია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ მათ თანაგუნდელს იარაღი ჩაუდო, რომ დაეკავებინა.