თბილისის მერიის განცხადებით, თბილსერვისის თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის გათავისუფლების მიზეზი გაფიცვის უკანონოდ ორგანიზება, თანამშრომლებთან დაპირისპირება და მათზე მუქარა იყო.

"ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა. თბილსერვის ჯგუფის მიერ ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოაღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები, რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება", — აცხადებენ მერიაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაღდავაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც მან On.ge-ს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ გამოთქმულ პროტესტს უკავშირდება. ბაღდავაძე ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მშრალ შიმშილობას იწყებს.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს რთულ სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად და ხელფასის მომატების მოთხოვნით აქცია გამართეს. თბილსერვისის ჯგუფში აცხადებდნენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნები "გონივრულ ვადაში" დაკმაყოფილდებოდა. 13 აგვისტოს ირაკლი ბაღდავაძემ განაცხადა, რომ მას ხელმძღვანელობამ, რომეო მიქაუტაძემ თბილისის მერი, კახა კალაძისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და ამის სანაცვლოდ ფული შესთავაზა. მიქაუტაძე აღნიშნულს აბსურდულს უწოდებს და დანარჩენ დეტალებზე არ საუბრობს.