ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში უცხოური ტურიზმიდან 505,1 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 7,8%-ით აღემატება — 2020 წლის პირველ შვიდ თვეში ტურიზმიდან ქვეყანაში 468,6 მილიონი დოლარი შემოვიდა.

მხოლოდ ივლისში ტურიზმმა 205,3 მილიონი დოლარი მოგვიტანა, რაც 2020 წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1 597%-ით მეტია. აქ განსაკუთრებით არის ასახული პანდემიის ეფექტი, რადგან გასული წლის ივლისში ტურიზმიდან 12,1 მილიონი დოლარი შემოვიდა. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ივლისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 48%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივლისში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 72,7%-ით არის შემცირებული, რადგან 2019 წლის პირველ შვიდ თვეში ტურისტულმა შემოსავლებმა 1,85 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ჯამში, 2019 წელს ტურიზმიდან 3,3 მილიარდის, ხოლო 2020 წელს 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019-2021 წლებში (მილიონი დოლარი)

წყარო: ეროვნული ბანკი

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 695 ათასი უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 45,5%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისის მონაცემს 83%-ით ჩამორჩება.

მხოლოდ ივლისში საქართველოში 230,9 ათასი უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიური პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე თვეში ვიზიტების რიცხვი 2020 წლის მონაცემზე 403,7%-ით მეტი, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 73,8%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში როგორც ვიზიტების, ასევე ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.