მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 102 878 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 180%-ით მეტია. როგორც ცნობილია, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში მძიმე პანდემიური შეზღუდვები იყო დაწესებული, რაც, მათ შორის, საზღვრის კვეთის მონაცემებზეც აისახა. შესაბამისად, გასული წლის აპრილ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში სულ 36 691 ვიზიტი განხორციელდა.

რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლების პანდემიამდელ მონაცემებთან შედარებას, 2021 წლის მეორე კვარტალის ვიზიტების რაოდენობა, 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემს 81,7%-ით ჩამორჩება. 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 561 049 ვიზიტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი, 51,2% 31-50 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, 76,4% კაცი, ხოლო 23,6% ქალი იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტალის ჯამში საქართველოდან უცხოეთში სულ 160 727 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 67%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემზე 84,6%-ით ნაკლებია.