პარტია საქართველოსთვის წევრები მათ მიმართ მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობენ. დღეს პარტიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ამის ამის შესახებ ისაუბრეს.

სალომე ღონღაძე ლაგოდეხის საკრებულოში სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეა. მან ქართული ოცნების დატოვებისა და ექსპრემიერის პარტიაში გადასვლის გადაწყვეტილება 23 აგვიტოს გაასაჯაროვა. ღონღაძის თქმით, შეუთვალეს, რომ შეწყვიტოს გუნდის ფორმირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ არა თუ მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის დატოვებაც მოუწევს.

"მმართველი პარტიის დატოვების გადაწყვეტილება და შევუერთდი გიორგი გახარიას გუნდს, იმ პირების მიმართ ვისაც ვხვდებოდი გუნდის ფორმირების ეტაპზე, მიმდინარეობდა სრულიად უკანონოდ ადევნება, თვალთვალი, შანტაჟი, მუქარა სრულიად მიუღებელი ხერხებით - იმ ხერხებით, რასაც ჩვენ წინა ხელისუფლებას არ ვპატიობდით. მათ შორის - ჩემზე შემოთვალეს, რომ შევეშვა გუნდის ფორმირებას, თორემ მუნიციპალიტეტის კი არა შეიძლება ქვეყნის დატოვება მომიწიოს. იმუქრებიან ბიზნესის ჩამორთმევით, პირადი კადრების გავრცელებით", — აცხადებს სალომე ღონღაძე.

მისი თქმით პარტიის წევრების მიზანმიმართული დევნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდანაც შეინიშნება. სალომე ღონღაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ქართული ოცნებიდან ექსპრემიერ გახარიას პარტიაში გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

ზეწოლაზე საუბრობს პარტიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორი, ლევან თათოშვილი.

"სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არის შემთხვევები ჩვენი პარტიის აქტივისტების ზეწოლასთან დაკავშირებით. კონკრეტული შემთხვევა განხორციელდა ჩემი ოჯახის წევრების — დედის და დეიდის მიმართაც. ისინი მუშაობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში და დაიბარეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში და მოსთხოვეს განცხადების დაწერა და თანამდებობიდან წასვლა. ამგვარი საქციელი ჩემი აზრით უღირსი საქციელია და ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ ჩვენი, მათ ეშინიათ ჩვენი აქტიურობის", — განაცხადა თათოშვილმა.

პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, არ შეეშინდეთ და საჯაროდ ისაუბრონ, თუ მსგავს სიტუაციებში თავადაც აღმოჩნდებიან.

გაიგე მეტი: