"მე ავიცერი და ვფიქრობ, ავირჩიე ამით ჯანმრთელობა და ამავე დროს, ავირჩიე სხვისი სიცოცხლის დაცვაც", — ამბობს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა და მიიჩნევს, რომ ვაქცინის არგამოყოენებისკენ მოწოდება არასწორია.

"მე, ზოგადად, ვენდობი მედიცინას და ყოველთვის ვცდილობ, მივმართო მას საჭიროების შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი უმძიმესი ეპიდემიური ვითარებაა, რასაკვირველია, ერთმნიშვნელოვნად იყო სასიხარულო ფაქტი იმისა, რომ გამოჩნდა ვაქცინა, რომელიც გვიცავს ჩვენ სიკვდილისაგან და დაავადებისგანაც. ასევე დაავადების გადაცემისგან. მე თავად ავიცერი და ვფიქრობ, ავირჩიე ამით ჯანმრთელობა და ამავე დროს, ავირჩიე სხვისი სიცოცხლის დაცვაც.

ჩემი არჩევანი არის ჩემი სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მაჩუქა, მიბოძა, გავუფრთხილდე მას და უბრალოდ არ გავფანტო ის და ამავე დროს, არ გავხდე სხვისი უბედურების მონაწილე, თუ სხვას გადავდებ ჩემს სნეულებას. ასე რომ, ეს მოქმედება არის ორმხრივი, ვიცავ რა თავს, ვიცავ ჩემს გვერდში მყოფ ადამიანებს", — თქვა დეკანოზმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

ამასთან, ის ამბობს, რომ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია არ არის რელიგიური თემა და ამით წერტილი დაუსვა ამ საკითხს.

მისივე თქმით, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, ჯანმრთელობა ისე განკარგოს, როგორც თავად უნდა, თუმცა დეკანოზი აღნიშნავს, რომ ვაქცინის არგამოყოენებისკენ მოწოდება არასწორია.