თბილისის მერმა, კახა კალაძემ ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის შეფასება იმის შესახებ, რომ საქართველო ჯერ მზად არ არის ევროკავშირის წევრობისთვის, კვლავ გააკრიტიკა. ჟურნალისტების კითხვას, აფუჭებს თუ არა ასეთი განცხადებები ესტონეთთან ურთიერთობებს, ასე უპასუხა:

"ჰკითხეთ ესტონეთის პრეზიდენტს, აფუჭებს თუ არა. აუცილებლად დაუსვით ეს შეკითხვა ესტონეთის პრეზიდენტს", — განაცხადა თბილისის მერმა.

მან კალიულაიდის განცხადებებს "არასწორი" უწოდა. კალაძის თქმით, ევროკავშირის წევრობისთვის ყველაფერი კეთდება და "უამრავი წინსვლა გვაქვს".

"ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმები, უამრავი წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ასეთი განცხადებები სერიოზულ პრობლემას ქმნის პირველ რიგში ჩვენს ხალხში იმიტომ, რომ უჩენს სკეპტიციზმს, შესაბამისად, ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი", — ამბობს კალაძე.

აღსანიშნავია, რომ კალაძემ კალიულაიდი გააკრიტიკა გუშინაც, 26 აგვისტოს. მისი თქმით, ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს.

"ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი", — აღნიშნა კალაძემ.

25 აგვისტოს უკრაინულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინტერვიუ ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდთან, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის გაფართოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო წევრობისთვის ჯერ მზად არ არიან.

"ევროკავშირისგან ვისურვებდი მეტ სითამამეს გაფართოებისთვის. საჭიროა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით — ან იგივე წევრობის შეთავაზება, როგორიც აქვთ ევროკავშირის სხვა წევრებს, ან თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნა სახელმწიფოების სამეულთან, რომლებსაც აქვთ ევროპული ამბიციები — უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. პირადად მე პირველ ვარიანტს ვემხრობი, ანუ უბრალოდ გაფართოებას. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს. ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა უამრავი პირობის შესრულება და გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ სამიდან არცერთი სახელმწიფო არ არის მზად წევრობის კრიტერიუმების შესასრულებლად. თქვენ დაგჭირდებათ, ალბათ, 20 წელი, სანამ ამ მზადყოფნას მიაღწევთ.

ამიტომ, შესაძლოა, აზრი ჰქონდეს რამე შუალედური ვარიანტის პოვნას, რომელიც უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს დაეხმარება ითანამშრომლოს ევროკავშირთან, რაც არის თქვენი სურვილი. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ეკონომიკები ახლა ამის გარეშეც ინტეგრირდება ევროკავშირზე ეკონომიკაში.

თუმცა ამ სამი ქვეყნიდან არცერთი წევრობისთვის მზად არ არის. სამივეს აქვს პრობლემები მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ შეცვლაში, მაგრამ საქმე უნდა გააკეთოთ თქვენ, ამ სამი ქვეყნიდან თითოეულმა. და ეს რთული საქმეა".