2019 წელს გამოცემა Quartz-მა მსოფლიოს 75 ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის 622 ბანკნოტი შეისწავლა. შესწავლილი ბანკნოტების 64%-ზე (405 კუპიურაზე) კონკრეტული ადამიანი იყო გამოსახული — ძეგლების ჩათვლით, მათგან 81-ზე — ქალი, თუმცა კუპიურაზე გამოსახული ქალების დიდი ნაწილი უბრალოდ ანონიმური ფიგურა იყო და არა — კონკრეტული პიროვნება. მაგალითად, ფერმერი ქალი ანგოლაში, მეცნიერი — კანადაში, მოცეკვავეები — ინდონეზიაში, ასევე — აბსტრაქტული ნაციონალური სიმბოლოები, მაგალითად ლედი ჰიბერნია. მათი გამოკლებით, ბანკნოტების მხოლოდ 12%-ზე იყო გამოსახული ქალი.

ქართული ლარის შემთხვევაში სიტუაცია ასეთია: 6 გავრცელებული ბანკნოტიდან მხოლოდ ერთზეა გამოსახული ქალი (თამარ მეფე 50-ლარიანზე). არადა, ისტორიის მანძილზე უამრავმა ქალმა შეიტანა საკუთარი წვლილი საქართველოს ისტორიის დაწერაში: მათ შორის არიან მწერალი, მხატვარი, პოლიტიკოსი, მფრინავი, რეჟისორი, უფლებადამცველი ქალები.

ეროვნული ვალუტის დიზაინი ქვეყნის ღირებულებებსა და სიმბოლოებზე წარმოდგენას გვიქმნის. თქვენი აზრით, ჩამოთვლილი ქალებიდან რომელი იმსახურებს ადგილს ქართული ლარის ბანკნოტზე?