"გარკვეული გადაცდომა ერთეული სასულიერო პირის მხრიდან", — ასე აფასებს საქართველოს საპატრიარქო ბერის მიერ ჟურნალისტის გინებასა და შეურაცხყოფას. მათი მტკიცებით, ეს კერძო შემთხვევაა, რომელთა განზოგადება "მიზანმიმართულად ხდება" და აქცენტი კეთდება ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე. ამის შესახებ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში საპატრიარქო კვლავ მედიას აკრიტიკებს. იქ საუბარია, რომ დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე "გარკვეული ძალების" მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება და გამოყოფილია სამი ტელევიზია: მთავარ არხი, TV პირველი და ფორმულა. მათი მტკიცებით, აღნიშნული ტელევიზიების ეთერებით "პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ მოწოდებებიც".

საპატრიარქოს მტკიცებით, ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ. ისინი ამტკიცებენ იმასაც, რომ ჟურნალისტები არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში "ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას".

"სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც, იმის ნაცვლად რომ იზრუნოს პროცესების ნორმალიზებისათვის, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში", — ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, კანონის მიხედვით, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია. მათივე განცხადებით, მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადის ტაძრის ეზოს შესასვლელეთან განთავსებაც.

"მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

28 აგვისტოს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სასულიერო პირმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დამამცირებელი და ჰომფობიური ტერმინებით მოიხსენია და აგინა. თალვკეთულას მონასტერში ჟურნალისტები იმის გასარკვევად ჩავიდნენ, მიმდინარეობს თუ არა მონასტერში უკანონო მშენებლობა, რამაც ბერის აგრესია გამოიწვია.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ჩაწერის უფლება აქვთ, სასულიერო პირი შეურაცხმყოფელი ფრაზებით პასუხობს:

"რაის უფლება გაქვთ, არაფრის უფლება არა გაქვთ. რა უფლება გაქვს? საიდან მოიგონე, რომ უფლება გაქვს. ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ რა, გიყურებ. პირში არ აგიღია, ტო? წადი შენი, დედას დავეცი ახლა რა".

აღსანიშანავია, რომ 22 აგვისტოს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბერი იოანე კაცს შეურაცხყოფას აყენებს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრება. 26 აგვისტოს კი სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბერი ამბობს, რომ "ძველი განგსტერია" და დაჭერის არ ეშინია. მისი თქმით, მონასტერში მიმდინარე მშენებლობაზე სააგენტოდან არაერთხელ გააფრთხილეს, მაგრამ საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ მათ რამე შეუთანხმოს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასულიერო პირები ჟურნალისტებისადმი აგრესიას ავლენენ და მათ შეურაცხყოფას აყენებენ. იმავეს აკეთებენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც და ხშირად ახალისებენ ჟურნალისტებზე ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს.

სწორედ ეკლესიის და საპატრიარქო იყო თანაორგანიზატორი 5 ივლისის აქციისა, სადაც პრორუსულმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე დღეში აქციაზე ნაცემი TV პირველი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.