გიორგი ვაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი პლატფორმის წევრები წარადგინა. სტრატეგია აღმაშენებელი 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მესამე ძალის სახელით მიიღებს მონაწილეობას ისე, რომ პარტია სახელს არ შეიცვლის. თუმცა, მესამე ძალაში ასევე იქნებიან რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები და ინდივიდუალური პირები, მათ შორის ენმ-დან რამდენიმე თვის წინ წასული გრიგოლ ვაშაძე.

მესამე ძალის სია ასეთია:

  • გიორგი ვაშაძე;
  • გრიგოლ ვაშაძე;
  • ხათუნა სამნიძე;
  • თამარ კეკენაძე;
  • რეზო კემულარია;
  • ვახტანგ იაშვილი;
  • ოთარ ბაღათურია;
  • პაატა ჩიქოვანი;
  • სერგო ჩიხლაძე;
  • თეონა აქუბარდია:
  • პაატა მანჯგალაძე;
  • დავით ცეკვავა;
  • თეონა ჭალიძე;
  • ნანა ტოკვაძე.

ამასთან, ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს მესამე ძალის ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილია და დანარჩენ წევრებს ძალიან მალე წარადგენენ. თუმცა, ვინ იქნებიან მესამე ძალის საარჩევნო კანდიდატები და მათ შორის თბილისის მერობის, ჯერ ისევ უცნობია და აცხადებენ, რომ ორ დღეში დაასახელებენ. ეს არის ის თარიღი, როდესაც კანონმდებლობით კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, პარტიებს არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო ბლოკის შექმნა არ შეუძლიათ. თუმცა, არანაირი აკრძალვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე პარტიამ ერთი საარჩევნო სუბიექტის სახელით მიიღოს მონაწილეობა ისე, რომ საკუთარ პარტიაზე უარი არ თქვას. უფრო მეტიც, შესაძლებელია, რომ საარჩევნო სუბიექტის პროპორციულ სიაში პარტიის დასახელებაც კი მიეწეროს. ანუ, ახალი სახელით რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის ერთიან სიაში იწერება პარტიების კანდიდატები.

ამ პლატფორმის შექმნისთვის კი დიდი ალბათობით გიორგი ვაშაძის მიერ დარეგისტრირებულ მესამე ძალას გამოიყენებენ, რომელიც ცესკომ N1 საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა.

ნომერი 1 სტრატეგია აღმაშენებელს 9 ივლისს მიენიჭა, ვინაიდაინ, საარჩევნო კოდექსით, ამ პარტიას ნომრის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდა. კანონმდებლობით, იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც იღებს დაფინანსებას წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ან პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 0,75 პროცენტზე მეტი მიიღო, ნომრის არჩევის უფლება აქვს, სხვების ნომრებს კი ცესკო კენჭისყრით ანაწილებს. ნომრების საბოოლოდ განაწილების შემდეგ კი ცესკომ 8 აგვისტოს განკარგულება გამოსცა, სადაც პირველ ნომრად საარჩევნო სუბიექტი მესამე ძალაა დაფიქსირებული.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო სუბიექტებს კი სიების წარდგენის ვადა 2 სექტემბერს ეწურებათ.