ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ინფლაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მგომარეობა დასტაბილურდება და ინფლაციური პროცესები შემცირდება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სტაბილიზაციის პროცესი წავა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პროგნოზი. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომ ინფლაციური პროცესები უფრო შემცირდება. თუნდაც იმის გამო, რომ ლარი სტაბილურია, იმპორტული საქონელი აღარ გაძვირდება და ეს ფაქტორი მოიხსნება", — განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11,9% შეადგინა — ფასების ზრდის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 14,3% იყო. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ ხარჯებზე ფასების ზრდამ მოახდინა. ფასები გაზრდილია ჯანდაცვის სექტორშიც, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების სფეროშიც და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზეც.

მინისტრმა ისაუბრა მედიკამენტების ფასებზე და თქვა, რომ, მისი აზრით, ამ სასაქონლო ჯგუფში ფასების ზრდა არ არის დასაბუთებული ეკონომიკური ფაქტორებით. მან ამ საკითხში ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

"ჩვენ მზად ვართ და ამაზე პრემიერმაც ისაუბრა არაერთხელ, ჩავერიოთ უფრო პროაქიულად იმ სასაქონლო ჯგუფებში, რომლებიც მეტად მტკივნეულია მოსახლეობისთვის. მაგალითად, საუბარი არის მედიკამენტების ფასებზე, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის მთლად ეკონომიკური ფაქტორებით დასაბუთებული [ფასების] მაღალი ზრდა, რასაც ჩვენ ვხედავთ. აქ ანტიმონოპოლიური სამსახური უფრო აქტიურად ჩაიხედება და ეს ჩვენ განვაცხადეთ", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

აგვისტოს დასაწყისში მთავრობის სხდომაზე მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც და თქვა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ წამალზე კომპანიების მხრიდან 300-400%-იანი ფასნამატია დადებული, რაც მისივე შეფასებით, მიუღებელია. ღარიბაშვილმა მაშინ თქვა, რომ კონკურენციის სააგენტო ამ საკითხთან დაკავშირებით მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს უახლოეს მომავალში წარმოადგენდა.

გაიგეთ მეტი: