ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა AFP-ს განუცხადა.

ბელმონდომ მსოფლიო აღიარება და ცნობადობა ჟან-ლიუკ გოდარის 1960 წლის კლასიკით, Breathless, მოიპოვა, რომელშიც ის ამერიკელ მსახიობ, ჯინ სიბერგთან ერთად მონაწილეობდა.

ბელმონდო, რომელსაც ფრანგმა მაყურებელმა სიყვარულით ბებელი შეარქვა, 60-იან და 70-იან წლებში საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. მისი პოპულარობის მიზეზი გამორჩეული გარეგნობაც იყო, რომლითაც იმ დროის ვარსკვლავისგან, ალენ დელონისგან განსხვავდებოდა.

სწორედ არასტანდარტულმა გარეგნობამ მას საშუალება მისცა ეთამაშა როგორც ქურდის, ისე პოლიციელის, მღვდელისა თუ საიდუმლო აგენტის როლები. ბელმონდო საკმაოდ მოქნილი იყო და ფილმებში რთულ ტრიუკებსაც დამოუკიდებლად ასრულებდა.

ბელმონდოს მონაწილეობით ბოლო ფილმი, სახელად A Man and His Dog, 2008 წელს გამოვიდა.