გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პირობას დებს, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მათი ახალნაყიდი ელექტრო პორშეთი დახვდებიან და მიიყვანენ პარლამენტში.

"მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ ახალნაყიდი ელექტრო პორშეთი დავხვდებით და მოვიყვანთ საქართველოს პარლამენტში. ათეულზე მეტჯერ როცა იტყვი ჩამოვდივარო და არ ჩამოდიხარ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს რაღაცების მიმართ, რომლებიც კითხვებს სვამენ, შეიძლება ეჭვი გაუჩნდეთ, რომ შეიძლება ამჯერადაც კი ვერ ჩამოხვიდე", — განაცხადა ხვიჩიამ.

6 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და კვლავ თქვა, რომ საქართველოში ჩამოვა. ის თარიღს ისევ არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას საქმის კურსში მაშინ ჩააყენებს, როცა ყველაფერი ხელთ ექნება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე დააანონსა ახლაც, თვითმმართველობის არჩევნებამდე. მას ზუსტი თარიღი არც აქამდე უთქვამს, თუმცა აცხადებდა, რომ პირობას შეასრულებდა და "რეფერენდუმის" წინ საქართველოში ჩამოვიდოდა. სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებზე საუბრისას მმართველ პარტიას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს საქართველოში და მასზე ქართველ სამართალდამცავებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.