ვაქცინისადმი სკეპტიკური განწყობები ახალი არ არის და არც ისაა გასაკვირი, რომ გლობალური პანდემიის პირობებში "ანტივაქსერობის" ფენომენი საზოგადოებისთვის უფრო ყურადსაღები გახდა.

მსოფლიოს წამყვანი ექიმები და მეცნიერები მუდმივად იმეორებენ, რომ არსებული ვითარებიდან ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი გამოსავალი მასობრივი ვაქცინაციაა. მიუხედავად ამისა, ადამიანების გარკვეული ნაწილი ექსპერტების მოწოდებებს არ იზიარებს, რითიც ისინი აფერხებენ სიტუაციის გაუმჯობესების პერსპექტივას, ამიტომ ანტივაქსერებისადმი, ბოლო დროს, სავსებით გასაგებ ბრაზს ვხვდებით.

იმის მიხედვით, თუ ვის კითხავთ, ანტივაქსერებს მოიხსენებენ სულელებად, გაუნათლებლად ფაშისტებად ან ბოროტმოქმედებად. თუმცა, ანტივაქსერობის მიზეზები უფრო ღრმად არის გამჯდარი და ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია.

განათლების პრობლემა?

ფოტო: The New York Times

New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში, ვაქცინისადმი სკეპტიციზმის მკვლევარი და Yale-ის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი საად ომერი ამბობს, რომ "სამედიცინო საზოგადოების პირველი ინსტინქტი იყო: იქნებ რამენაირად [ანტივაქსერები] განვანათლოთ", თუმცა, როგორც ომერი აღნიშნავს, მსგავსი დამოკიდებულება არასწორია.

2017 წელს Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ეპიდემიოლოგმა ავნიკა ბ. ამინმა ფსიქოლოგ კარა ე. რეისთან და კოლეგებთან ერთად აჩვენეს, რომ ვაქცინისადმი სკეპტიციზმი ერთგვარი სპექტრია და ანტივაქსერობის მიზეზები გარკვეული მორალური ინტუიციებიდან გამომდინარეობს.

მათ აჩვენეს, რომ ვაქცინისადმი სკეპტიციზმს საფუძვლად უდევს თავისუფლების და "სიწმინდის" სხვადასხვა აღქმა, რომელთანაც ვაქცინაციის ფართო პროგრამები, რომლებსაც მეტწილად მთავრობები ატარებენ, ბევრისთვის ამორალურია.

მიუხედავად იმისა, რომ "სიწმინდის" და "თავისუფლების" აღქმა კულტურულად განსხვავებულია, მკვლევრები სისტემატურად აჩვენებენ, რომ სპეციფიურობის მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყნის ანტივაქსერებს ბევრი აქვთ საერთო: როგორიცაა ძლიერი იერარქიული ან ინდივიდუალისტური იდეოლოგია და უნდობლობა გლობალური პოლიტიკური სისტემებისადმი.

მოკლედ რომ ითქვას, პრობლემა "განათლება" ნაკლებადაა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანიებს, რომლის ფარგლებშიც დარგის ექსპერტები ცდილბოენ მაქსიმალურად ნათლად ახსნან, როგორ მუშაობს ვაქცინა, რატომაა აცრა საჭირო და ა.შ, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია, მხოლოდ მყისიერი და არა გრძელვადიანი წარმატება აქვთ.

ფოტო: Wikimedia Commons

სურათზე თქვენ ხედავთ ამონარიდს 1902 წლის ბუკლეტიდან, რომელსაც ამერიკის ანტი-ვაქცინაციის საზოგადოება ავრცელებდა. სადაც საუბარია "წმინდა სხეულის" შენარჩუნებაზე, რომელიც "დედა-ბუნებამ" გვიბოძა. ზოგადად, გარკვეული "სიწმინდის" შენარჩუნების მიზნით, ბევრი ადამიანი ხელმძღვანელობს და არამხოლოდ ანტივაქსერები.

აშკარაა, რომ საზოგადოებაში არსებობს "სიწმინდის" და "სიბინძურის" რაღაც აბსტრაქტული მეტაფორული გაგება. მაგალითად, ბევრი უარს ამბობს ეგრეთ-წოდებული გენმოდიფიცირებული საჭმლის შეძენაზე იმის შიშით, რომ მსგავსი საკვები "არაბუნებრივია". გავრცელებულია დიქოტომია, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი ჯანმრთელს ნიშნავს, სინთეტიკა კი არაჯანსაღს. ანტივაქსერობასთან საბრძოლველად, მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ საიდან მოდის ამა თუ იმ კულტურაში ეს დიქოტომია და როგორ შეიძლება მსგავსი მითების გაქარწყლება.

მეცნიერება თუ პოლიტიკა

ფოტო: Cristiana Couceiro / Alain Nogues / Sygma / Getty

როცა გამალეას ინსტიტუტმა (რუსეთი) COVID-19-ის ვაქცინა, სპუტნიკ V გამოსცადა და საკმაოდ მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, მსოფლიო ამ მონაცემებისადმი სკეპტიკურად განეწყო. დროთა განმავლობაში სპუტნიკის ეფექტიანობა არაერთ ქვეყანაში, არაერთი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის მიერ შემოწმდა.

თავდაპირველ მონაცემებს არაერთი მკვლევარი სკეპტიკურად უყურებდა. ენრიკო ბუჩიმ კი რუს მეცნიერებს ღია წერილითაც მიმართა, რაზეც გამალეას ინსტიტუტისგან პასუხი მოჰყვა. მედიაში ამ კორესპონდენციას თვალს აქტიურად ადევნებდნენ. რუსეთის ვაქცინაციის პროგრამის გაუმჭვირვალეობის გამო, ბევრს სპუტნიკისადმი უნდობლობა გაუჩნდა. უშუალოდ რუსეთში სპუტნიკით აცრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

თუმცა, როგორც აღვნიშნე, დროთა განმავლობაში, ვაქცინის ექსპორტთან ერთად გამოჩნდა, რომ "რუსული ვაქცინა" საკმაოდ ეფექტიანი და უსაფრთხოა. ამის მიუხედავად ვაქცინისადმი ნდობა ქვეყნების მიხედვით, განსხვავებულია. მაგალითად, აშშ-ში და კანადაში გამოკითხულთა დაახლოებით 60% 2020 წლის სექტემბერში ამბობდა, რომ რუსულ ვაქცინას არ მიიღებდა, მაშინ როცა გერმანიაში გამოკითხულთა 60%-ის აზრით რუსული ვაქცინა უსაფრთხო იყო და საჭიროების შემთხვევაში აიცრებოდა.

მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ რუსული ვაქცინისადმი საჯარო დამოკიდებულება დაეყრდნო თავდაპირველ "დებატს" რუს მეცნიერებს და კოლეგებს შორის პირველადი შედეგების და ბიოსტატისტიკური დეტალების შესახებ. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. აშშ-ში რუსული, ჩინური და კუბური ვაქცინებისადმი დამოკიდებულება ალბათ თანხვედრაშია ზოგადად ამ ქვეყნებისადმი დამოკიდებულებასთან. საიდუმლო არაა, რომ პოლიტიკური განწყობები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ერთი შეხედვით, სამეცნიერო საკითხებშიც კი.

საქართველოშიც ხშირად გვესმის ფრაზები, რომ გერმანული წამალი, პოლონურს სჯობს ან რომ რაღაც რაც ბრიტანულია, ჩინურს ჯობს, რომ ჩინური "უხარისხოა" და ა.შ. მსგავს დამოკიდებულებებს ვისმენთ არამხოლოდ წამლებზე, არამედ ყველაფერ დანარჩენზე.

მსგავსი პრეფერენციები ბუნებრივია და მეტი სკეპტიციზმი მეტად "ავტორიტარულ" ქვეყნებში წარმოებული პროდუქტებისადმი გასაგებია, თუმცა საბოლო ჯამში აზრსმოკლებულია. თუ მავანი უშვებს, რომ "გერმანული წამალი" ჩინურს იმიტომ სჯობს, რომ გერმანიაში უფრო მოქნილი რეგულატორული აპარატია, ლოგიკურია, რომ მავანი უნდა ერკვეოდეს ამ ორი ქვეყნის ფარმაცეპტულ პოლიტიკაში. მსგავსი კომპეტენცია კი საკმაოდ სპეციალიზირებულ განათლებას საჭიროებს, რომელიც ფართო პუბლიკას არ გაგვაჩნია, შესაბამისად, ესეც უსაფუძვლოა.

ფოტო: Wikimedia Commons

საქართველოში და არამხოლოდ, ერთგვარი "სელექციური ანტივაქსერობის" მომსწრენი გავხდით, სადაც ზოგი არ იცრებოდა სინოფარმით და სინოვაკით იმიტომ, რომ "ჩინურს" არ ენდობოდა და ფაიზერს ელოდებოდა. მსგავსი ფავორიტიზმი, დაფუძნებული პოლიტიკურ პრეფერენციებზე, კრიტიკულ მომენტებში ანტივაქსერობაზე არანაკლებ საზიანოა.

რუსეთის გამალეას ინსტიტუტი ვაქცინების შემუშავებაში, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია და რუსეთისადმი პოლიტიკური დამოკიდებულება, სპუტნიკ V-ის განსჯისას არარელევანტური უნდა იყოს.

ყველა ადამიანს აქვს მსოფლიოს რაღაც სურათი, რომელიც გამრუდებულია მიკერძოებებით. ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ ანტივაქსერობის ფენომენი სავსებით გასაგები რამაა. ადამიანები ხშირად ვართ მზად უარვყოთ აშკარა ფაქტი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენს წინასწარგანწყობებთან და მსოფლიოს სურათთან შეუთავსებელია.

სპუტნიკ V-ის წარმოების დაწყებასთან ერთად, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდა. კერძოდ, ვაქცინისთვის ცალკე ანგარიშები შეიქმნა twitter-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე, სადაც ხაზი ესმებოდა სპუტნიკის V-ის "ტრადიციულობას" და "უპირატესობას". ხშირად, პროპაგანდისტული კამპანია დეზინფორმაციით იყო სავსე. უშუალოდ რუსეთში ვაქცინისადმი ნდობა არც ისე მაღალია, რაზეც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელიც მეტყველებს. როგორც ჩანს, სპუტნიკ V-ის დაჩქარებულ ავტორიზაციას ერთგვარი ბუმერანგის ეფექტი ჰქონდა, მას შემდეგ რაც ვაქცინა კიდევ ერთ პოლიტიკურ იარაღად იქცა.

ასევე: ინჟინერი ხიდის ქვეშ: კორონავირუსის რუსული ვაქცინის ისტორია

რუსული ვაქცინის პოპულარიზაციის მცდელობების მიუხედავად, შთამბეჭდავი სამეცნიერო მიღწევა პოლიტიკური თამაშების ფონზე ჩაიკარგა.

გამოსავლის ძიებაში

ფოტო: The New York Times

მოფლიოში არსებული პოლტიკური პოლარიზაციის გამო, კომუნიკაცია განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ბანაკებს შორის განსაკუთრებით გართულდა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ შეთქმულების თეორიებისკენ მიდრეკილი ადამიანები გაუნათლებელი ველურები არ არიან, რომლებიც გამოქვაბულში ცხოვრობენ.

საჯარო განწყობები დიდწილად პოლიტიკური სიტუაციით არის განპირობებული, რომელსაც თავის მხრივ, ხშირად უამრავი გამომწვევი ფაქტორი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ უკეთ იქნას გამოკვლეული საიდან მოდის ეს განწყობები და სად იმალება დეზინფორმაციის წყაროები. რათა კრიტიკა მივმართოთ უშუალოდ პრობლემის წყაროსკენ და არა უბრალო ადამიანებისკენ, რომლებიც დინებას მიჰყვებიან.

ეს მხოლოდ ანტივაქსერობას არ ეხება, იგივე შეიძლება ითქვას ანთროპოგენული კლიმატის ცვლილების უარყოფაზე და სხვადასხვა პოლიტიკურ შეთქმულების თეორიებზე. შეთქმულების თეორიები უბრალოდ არ ჩნდება. დიდი შრომაა საჭირო, რომ საზოგადოება მეტი ნდობით განეწყოს ავტორიტეტული ორგანიზაციების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლარიზაცია მხოლოდ გაღრმავდება, რაც საგანგაშოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამომავლოდ შეიძლება უფრო სერიოზული პანდემიები ვიხილოთ და პანდემიაზე ბევრად დამანგრეველი პრობლემების მოგვარება მოგვიწიოს.