ბრიტნი სპირსის ბრძოლა 13-წლიანი მეურვეობის წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სასამართლოს ამჯერად ბრიტნი სპირსის მამამ და მეურვემ — ჯეიმს სპირსმა მიმართა. ჯეიმს სპირსი სასამართლოს ბრიტნის მეურვეობისგან გათავისუფლებას სთხოვს.

შუამდგომლობაში წერია, რომ "ბოლოდროინდელმა მოვლენებმა" ბრიტნის მამა იმაზე დააფიქრა, კვლავ არსებობს თუ არა მეურვეობის საჭიროება. შუამდგომლობის მიხედვით, ბრიტნის უნდა, რომ საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად წარმართოს — თავად განსაზღვროს საკუთარ ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები.

"როგორც მისტერ სპირსმა ბევრჯერ თქვა, მას საკუთარი შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა. თუ მის სპირსს მეურვეობის დასრულება უნდა და სჯერა, რომ საკუთარი ცხოვრების წარმართვა დამოუკიდებლად შეუძლია, მისტერ სპირსს სჯერა, რომ ის [ბრიტნი] ამის შესაძლებლობას იმსახურებს", — ვკითხულობთ შუამდგომლობაში.

ბრიტნის ადვოკატი მეთიუ როუზენგარტი თვლის, რომ აღნიშნული განცხადებით ჯეიმი სპირსს პასუხისმგებლობისა და კანონისგან გაქცევა სურს. სასამართლოს მომდევნო სხდომა 29 სექტემბერსაა დაგეგმილი.

ცოტა ხნის წინ მეთიუ როუზენგარტმა განაცხადა, რომ ბრიტნის მამა მეურვეობის დასრულების სანაცვლოდ $2 მილიონს ითხოვდა.

ჯეიმს სპირსი ბრიტნი სპირსის ცხოვრებას, კარიერას და ფინანსებს 2008 წლიდან განაგებს, მას შემდეგ რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბრიტნის არ შეეძლო საკუთარ თავზე ეზრუნა. 13 წლის განმავლობაში ბრიტნი მუშაობას განაგრძობდა — ის მართავდა ტურნეებს, უშვებდა კლიპებსა და ალბომებს. მან მილიონობით დოლარი გამოიმუშავა.

2021 წლის ზაფხულში ბრიტნიმ პირველად მოითხოვა საჯაროდ, რომ მამამისი მისი მეურვეობის საქმეებს ჩამოშორებოდა, რადგან მის სურვილებს გამუდმებით უგულებელყოფდა და უფლებას არ აძლევდა დაქორწინებულიყო, ჰყოლოდა შვილი ან დაესვენა, როცა ამას თავად ისურვებდა. ბრიტნიმ განაცხადა, რომ თავს მონად გრძნობდა და მეურვეობის ფარგლებში მისი უფლებები ილახებოდა.

მომღერალმა ივნისში სასამართლოზე განაცხადა, რომ სურს "საკუთარ ოჯახს უჩივლოს" და დასძინა, რომ მამამისის ადგილი ციხეშია.

ამავე თემაზე: