დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თეორიულად შესაძლებელია, რომ მიუ შტამი ახალი მუტაცია გახდეს. თუმცა, როგორც NCDC-ის დირექტორი აღნიშნავს, ჯერჯერობით, მის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის, რომ მან მიიღო რომელიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ დააზიანა დიდი რაოდენობით მოსახლეობა, ხასიათდება უფრო მეტი აგრესიულობით და ა.შ. და სანამ ეს ინფორმაციები კარგად შესაწვლილი არ იქნება, მანამდე მუტაციაზე საუბარი ნაადრევია.

"ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ ქვეყანაში სხვადასხვა შტამის ცირკულაციის მონიტორინგს. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული მონიტორინგი. დღესდღეობით, ქვეყანაში თითქმის 100%-ით დელტა შტამი ცირკულირებს, ანუ რასაც ინდურ შტამს ვარქმევთ. სხვა შტამი ჯერჯერობით სეკვენირების პროცესში ნანახი არ იქნა. თუმცა, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია, მოგეხსენებათ, კორონავირუსი თითქმის 2 წლის განმავლობაში ძალიან მრავალ მუტაციას განიცდის. ასობით მუტაცია გამოვლენდა, მაგრამ მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ რომელიც ან სხვანაირად აზიანებს, ან სხვა უფრო მეტი აგრესიულობით ხასიათდება, ასეთი აღმოჩენილია სულ რამდენიმე", — თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან.

მისივე თქმით, საჭიროა მუდმივი მონიტორინგი, რისი შესაძლებლობა ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიასაც აქვს.