თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კრწანისის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის სახელი ეწოდება.

მონაკვეთი, რომელსაც კავსაძის სახელი მიენიჭება, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩას ჩახრუხაძის ქუჩასთან აკავშირებს. მას აქამდე, უბრალოდ, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევი ეწოდებოდა.

ფოტო: თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს აღნიშნულ სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ მთაწმინდის რაიონში, კოტე მესხის შესახვევს კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის სახელი მიენიჭოს.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, კახი კავსაძე, 2021 წლის 27 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1959 წელს, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მსახიობმა არაერთი დასამახსოვრებელი როლი განასახიერა. კავსაძის მოღვაწეობა თითქმის 60 წელს და ათობით კინოროლსა და არანაკლებ სპექტაკლში მონაწილეობას მოიცავს. მას მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტისა და დამსახურებული არტისტის წოდებები, ასევე კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები.