ადამიანები, რომლებსაც იმის გაგება სურთ, თუ როგორი მდგომარეობაა საფონდო ბირჟებზე, ინდექსებს აკვირდებიან. ინდექსებს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიის მონაცემებს აერთიანებენ და ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზის საშუალებას იძლევიან.

როგორ იცვლება ბაზრის მდგომარეობა დღის, თვის, კვარტალისა, თუ წლიურ ჭრილში. აღმავალი ტენდენციებია, თუ დაღმავალი. ყოველივე ამის გაგება ინდექსებზე თვალის დევნებით არის შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებელია დოუ ჯონსის ინდექსი, რომელიც აშშ-ს გიგანტ კომპანიებს აერთიანებს და ისეთ ინდიკატორს გვთავაზობს, რომელიც ბაზარზე არსებულ სიტუაციას სრული სიცხადით გვაჩვენებს. ეს დღეს დაწყებული საქმე არ გეგონოს, დოუ ჯონსის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის.

დოუ ჯონსის ინდექსი

ფოტო: shutterstock

დოუ ჯონსის ინდექსი ამერიკის შეერთებული შტატების 30 უმსხვილესი კომპანიის აქციებს აკვირდება — მას დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსადაც (Dow Jones Industrial Average) მოიხსენიებენ. აქ არ შედიან კომუნალურებისა და სატრანსპორტო ფირმები — მათ დოუ ჯონსის სატრანსპორტო ინდექსი ზომავს.

დოუ ჯონსის ინდექსი აშშ-ში ისეთი კომპანიების ფასიან ქაღალდებს ადევნებს თვალყურს, რომლებიც ეგრეთ წოდებული ლურჯი ჩიპის, ანუ მაღალი ღირებულების აქციებს ფლობენ. ინდექსი ნიუ-იორკისა და ნასდაქის ბირჟებზე არსებულ კომპანიებს აკონტროლებს — ისეთებს, როგორებიცაა Apple, Coca-Cola, American Express, Microsoft და სხვა.

დოუს შექმნის ისტორია

ფოტო: shutterstock

დოუ ჯონსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინდექსია. ის მე-19 საუკუნის მიწურულს, 1896 წელს, The Wall Street Journal-ის თანადამფუძნებლებმა, ჩარლზ დოუმ და ედვარდ ჯონსმა დააარსეს. მათი მიზანი ისეთი ინსტრუმენტის შექმნა იყო, რომელიც ამერიკის ეკონომიკაზე მარტივად დაკვირვების შესაძლებლობას შექმნიდა.

თავდაპირველად ინდექსი 12 სამრეწველო კომპანიის საქმიანობას აკვირდებოდა. 1928 წლიდან კი მათი რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დღეს ეს ინდექსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მაჩვენებელია. თუ მედია ამერიკის ბაზრების ვარდნის, ან აღმავლობის შესახებ გიყვებათ, დიდი შანსია, რომ დოუ ჯონსის ინდექსს ეყრდნობოდეს.

ოფიციალური რაოდენობრივი პარამეტრი, რომლის მიხედვითაც დოუ ჯონსის ინდექსში ხვდებიან, არ არსებობს. თუმცა მთავარი კრიტერიუმები, რომელსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს, კარგი რეპუტაცია და მუდმივი ზრდაა. ბუნებრივია, რომ კომპანიის აქციები განთავსებული უნდა იყოს საფონდო ბირჟაზე. კომპანიებს, რომელთა აქციებიც დოუ ჯონსის ინდექსში ხვდებიან, სპეციალური კომიტეტი არჩევს. როგორც წესი, დროთა განმავლობაში ინდექსს კომპანიები ემატებიან ან აკლდებიან.

დოუ ჯონსის ინდექსის ფორმულა

ფოტო: Lukas / Pexels

დოუ ჯონსის ინდექსის ზრდა ან შემცირება მის კალათაში არსებული კომპანიების აქციების ღირებულების ცვლილებაზეა დამოკიდებული. იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემები შეწონილია, ინდექსის ფორმირებაზე მეტ გავლენას უფრო ძვირადღირებული აქციები ახდენს. ინდექსის შექმნის დროს, მე-19 საუკუნეში, მისი გაანგარიშება საკმაოდ მარტივი იყო, თუმცა ეს პროცედურა დღეს გაცილებით მეტ მათემატიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს მოითხოვს.

მარტივი იქნებოდა, ინდექსში შემავალი ყველა კომპანიის აქციების ფასები შეგვეჯამებინა და მათ რაოდენობაზე, 30-ზე გაგვეყო. თუმცა, ამ შემთხვევაში, ინდექსის ცვლილებაზე ყველა კომპანიის მაჩვენებლები ერთნაირად იმოქმედებდნენ. რეალურად კი, ინდექსში შემავალი კომპანიები ერთმანეთისგან ზომით, აქციების ფასებითა და სხვა არაერთი მახასიათებლით განსხვავდებიან. სწორედ ამიტომ, ინდექსის გამოთვლისას ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ინდექსის 30-ვე ფირმა უმაღლეს კლასში თამაშობს, თითოეულ მათგანს ბაზარზე სხვადასხვა ზომის გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ, დოუ ჯონსის ინდექსის გამოთვლისას, აქციების ფასების ჯამს ვყოფთ არა კომპანიების რაოდენობაზე, არამედ ეგრეთ წოდებულ დოუს გამყოფზე, რომელიც სხვადასხვა სტატისტიკური და მათემატიკური მანიპულაციების შედეგად გამოითვლება და რომლის მნიშვნელობაც პერიოდულად ცვალებადია. მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, დოუს გამყოფი 0,159871-ს უტოლდებოდა. ინდექსის გაანგარიშების პრინციპი შემდეგია: მასში შემავალი კომპანიების აქციების ფასები ჯამდება და ფარდდება ინდექსის გამყოფზე — 0,159871-ზე.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.