საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ანალიზს ეხმაურება და ამბობს, რომ კვლევაში გამოქვეყნებული მონაცემები არასწორია.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციის ანალიზში წარმოდგენილი მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემები შედარებულია გასული წლის 3 თვის მაჩვენებლებს, რის გამოც მიღებული შედეგები არარეალურია.

"მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში გამოყენებულ მონაცემებში წყაროდ დასახელებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები არასწორია და არ ასახავს სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს.

წარმოდგენილი რიცხვების გათვალისწინებით, ანალიზში წარმოდგენილია 2021 წლის 6 თვის მონაცემები, წინა წლების მხოლოდ 3 თვის (მეორე კვარტლის) მონაცემებთან, ნაცვლად 6 თვის ჯამისა და შესაბამისად, ანალიზის ფარგლებში მიღებული შედეგები არარეალურია" — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამნისტრო კონკრეტულ მონაცემებსაც აქვეყნებს და მიუთითებს, თუ რა სახის უზუსტობები იყო ორგანიზაციის ანალიზში. უწყება ყურადღებას ამახვილებს ორგანიზაციის კვლევის სამ ნაწილზე, სადაც მივლინების, შტატგარეშედ დასაქმებულებისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯებზეა საუბარი.

ფოტო: ფინანსთა სამინისტრო

"მივლინების ხარჯებზე 2021 წლის 6 თვეში ნამდვილად მიიმართა 28,4 მლნ ლარი, თუმცა 2019 წელთან შედარებით, მივლინების ხარჯებზე გაწეულია 11 მილიონი ლარით ნაკლები, რაც 28,2% შემცირებაა, ნაცვლად ანალიზში დაფიქსირებული 32%-იანი ზრდისა" — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს თქმით, მიმდინარე წლის 6 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შტატგარეშეების ანაზღაურება გაზრდილია არა 84 მილიონით, როგორც ეს TI-ის კვლევაში ეწერა, არამედ 27 მილიონი ლარით.

ფოტო: ფინანსთა სამინისტრო

"რაც შეეხება შტატგარეშეების ანაზღაურების ნაწილს, რომლის თაობაზეც ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელთან შედარებით, ზრდა შეადგენს 84 მილიონ ლარს და პრაქტიკულად, გაორმაგებულია. რეალური მონაცემებით, ზრდა შეადგენს 27 მილიონ ლარს, მათ შორის, 14 მილიონი ლარი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებში COVID-19 მართვიდან გამომდინარე გაზრდილ ხარჯს" — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტოს განცხადებაში ბიუჯეტიდან გაღებულ სამედიცინო ხარჯებზეც არის საუბარი და TI-ის კვლევის საპასუხოდ, მონაცემებია მოყვანილი.

ფოტო: ფინანსთა სამინისტრო

"რაც შეეხება "საქონელი და მომსახურების" ქვეკატეგორიას, რომელიც რეალურად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2019 და 2020 წელთან შედარებით, თუმცა ყურადღება ნაკლებად არის გამახვილებული იმაზე, რომ ეს არის "სამედიცინო ხარჯები", რაც დაკავშირებულია COVID-19 მართვასთან" — მითითებულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება მოუწოდებს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს, გამოაქვეყნოს ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.