ყვარელში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს პროკურატურამ ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. აღნიშნული დანაშაულებები 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მან ტერორისტული აქტი 500 000 აშშ დოლარის მოთხოვნის მიზნით მოაწყო. მათივე ცნობით, მას ბრალდებულს თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება და მძევლად 6 მოქალაქე აიყვანა.

"შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადეობრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა.

თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. შ.მ. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 ლარი და 500 000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით დაიმუქრა", — ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა მოითხოვს დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

9 სექტემბერს ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ, იგი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

გაიგე მეტი: