თალიბანი ქალი სტუდენტებისთვის სწავლის ახალ წესებს აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნულზე უმაღლესი განათლების მინისტრმა, აბდულ ბაკი ჰაკანიმ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ქალებისა და კაცების ერთად სწავლება აიკრძალება და გადაიხედება სასწავლო პროგრამაც. მედიის ცნობით, როგორც აბდულ ჰაკანმა რეპორტიორებს განუცხადა, თალიბანს სურს შექმნას ისეთი "გონივრული და ისლამური სასწავლო გეგმა", რომელიც შეესაბამება მათ ისლამურ, ეროვნულ და ისტორიულ ღირებულებებს. მეორე მხრივ, მას სურს, რომ ახალმა პროგრამამ კონკურენცია გაუწიოს სხვას ქვეყნებსაც.

"ჩვენ არ გვაქვს პრობლემა დავასრულოთ შერეული განათლების სისტემა, ისინი მუსლიმები არიან და ამას მიიღებენ", — განაცხადა მინისტრმა.

როგორც BBC წერს, არსებობს ვარაუდი, რომ ახალი წესები ქალებს სწავლების გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემს, რადგან უნივერსიტეტებს არ აქვთ შესაბამისი რესურსი განცალკევებული კლასების უზრუნველსაყოფად. თუმცა მედიის ცნობით, ჰაკანი ამას უარყოფს და აცხადებს, საკმარისი ქალი მასწავლებლები არიან და საჭიროების შემთხვევაში დაემატებიან.

"ეს უნივერსიტეტზეა დამოკიდებული, ჩვენ ასევე შეგვიძლია კაცი მასწავლებლები გამოვიყენოთ, რომ ფარდის უკნიდან ასწავლონ ან გამოვიყენოთ ტექნოლოგია", — თქვა მან.

გამოცემის ცნობითვე, ქალები ვალდებულნი იქნებიან ჰიჯაბი ატარონ, თუმცა მათივე ინფორმაციით, ჰაკანს არ დაუკონკრეტებია, გახდება თუ არა სახის დამატებითი საფარები სავალდებულო.

თალიბანი, რომელიც ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა, განსაკუთრებით სასტიკი იყო ქალების მიმართ. მათ აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღება, მუშაობა, გარეთ კაცის გარეშე გასვლა ან საჯაროდ ისეთი ტანსაცმლით სიარული, რომელშიც სხეულის რომელიმე ნაწილი ან სახე დაფარული არ ექნებოდათ. არასრულწლოვანი გოგოების დიდ ნაწილს მათზე ბევრად უფროს კაცებზე აქორწინებდნენ და ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში, სასტიკად, წამებით ან სიკვდილით სჯიდნენ. არსებული წესები 2001 წელს შეიცვალა, როდესაც აშშ-მ თალიბანის ძალაუფლება დაამხო. დღეს ყველაფერი ისევ შეიცვალა.

ავღანეთზე კონტროლის ხელში აღების შემდეგ, თალიბანის პრესსპიკერმა მედიასთან პირველ პრესკონფერენციაზე ქალთა უფლებებზე ისაუბრა. მან ამ საკითხს "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა და თქვა, რომ მხარს უჭერენ ქალთა უფლებებს, თუმცა მხოლოდ შარიათის კანონის ფარგლებში. მას შემდეგ კი, რაც თალიბებმა ავღანეთი დაიკავეს, არაერთმა ავღანელმა ქალმა საჯაროდ ისაუბრა საკუთარი შიშებისა და მოლოდინების შესახებ.

ბოლო დღეებში ავღანელი ქალები ქუჩებში რამდენჯერმე გამოვიდნენ და საკუთარი თანასწორუფლებიანობისთვის საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი როგორც სამუშაო, ასევე განათლების უფლებებსა და მათი უფლებების შესახებ თალიბანის პოლიტიკის მკაფიოდ განმარტებას მოითხოვდნენ.

გაიგეთ მეტი: