პარტია საქართველოსთვის წევრი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ყოფილი თანაგუნდელისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრალდების პასუხად ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს არ კურირებდა. მისი თქმით, აუცილებელია დოკუმენტების გავრცელებაზე გამოძიების ჩატარება და ის იქნება პირველი, ვინც ყველაფერს გააკეთებს სიმართლის დასადგენად.

"რა თქმა უნდა, ნათელი მოეფინოს ყველაფერს — ჯერ უნდა დადასტურდეს აღნიშნული დოკუმენტების ავთენტურობა, უნდა გაირკვეს საერთოდ აქ რა არის სიმართლე და რა არა, და ამის შემდგომ უნდა გაკეთდეს დასკვნები. ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ჩემთვის. მინდა ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში, არასოდეს ვყოფილვარ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი. და მინდა მივმართო თეა წულუკიანს, მის საკურატურო სფეროებს მიხედოს, რომ სხვის ძიებაში უცებ არ ჩამოეშალოს. ეს არის ჩემი კომენტარი!

ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ამ ყველაფერს ფარდა აეხადოს", — განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, ხოჯევანიშვილმა.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვებს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიასა და მისი გუნდის მისამართითაც სვამს. მან ალექსანდრე ხოჯევანიშვილს "მეტრუპე" უწოდა, გახარიას კი — ავანტიურისტი.

"როდესაც ხარ ხელისუფლებაში მრავალი თვე და მრავალი წელი, მსახურობ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, როდესაც შენი თანაგუნდელი სუს-ის უფროსის მოადგილე და კურირებს ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს. ვგულისხმობ ბატონ ხოჯევანიშვილს. როდესაც თქვენი ყველას ხელმძღვანელია ბატონი გახარია და ჩემიც მათ შორის იმ დროს და მე რომ ჩუმად ვარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამნეზია მჭირს", — თქვა წულუკიანმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროკურატურა შეისწავლის ჩართული იყვნენ თუ არა ფაილების გავრცელების საქმეში გიორგი გახარია და ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ არ სურს ამ თემით სპეკულირება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ხოჯევანიშვილი "სხვათა შორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში."

გაიგეთ მეტი ფარულ ჩანაწერებისა და ხოჯევანიშვილის სავარაუდო კავშირებზე: