მოდის ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა გვასალია, ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) ჯილდოზეა წარდგენილი.

"მოდის ოსკარებად" წოდებული პრიზი 1981 წლიდან გაიცემა რამდენიმე ნომინაციაში. გვასალია წელს ქალისთვის შექმნილი სამოსის წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაშია წარდგენილი Prada-ს, Valentino-სა და Jacquemus-ის ხელმძღვანელებთან ერთად.

გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება 10 ნოემბერს, ნიუ-იორკის სიგრამ ბილდინგში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ცნობილ ქართველ დიზაინერს ეს ჯილდო უკვე მოპოვებული აქვს 2017 წელს, როცა იგი Balenciaga-სთან ერთად Vetements-საც ხელმძღვანელობდა.

ფოტო: Natalie Weiss

თუმცა, გვასალიას წლევანდელი მიღწევები მხოლოდ ამ ჯილდოთი როდი შემოიფარგლება. რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ წლევანდელ მეთ გალაზე, არაერთ ცნობილ ვარსკვლავს სწორედ მისი კოსტიუმი ეცვა. მათ შორის, რიანას, ელიოტ პეიჯს, იზაბელ იუპერს და კიმ კარდაშიანს. თავად დიზაინერი პრესტიჟულ შოუზე ამ უკანასკნელთან ერთად, შავ სამოსში გამოწყობილი მივიდა.