Warner Bros. მაგიურ სამყაროში იმაზე ადრე გვაბრუნებს, ვიდრე ველოდით. ჯადოსნური ცხოველების სერიის მესამე ფილმი — დამბლდორის საიდუმლოებანი — 2022 წლის 15 აპრილს გამოვა.

ფილმში სიუჟეტი ალბუს დამბლდორის გარშემო ვითარდება. ახალგაზრდა ჯადოქარი, რომელმაც იცის, რომ გრინდელვალდს მაგიურ სამყაროზე კონტროლის მოპოვება სურს, ნიუტ სკამანდერს მიმართავს და სახიფათო მისიის გაძღოლას სთავაზობს.

ფოტო: Warner Bros.

ახალ ფილმში ნაცნობ პერსონაჟებს კვლავ წინანდელი მსახიობები განასახიერებენ, მცირე გამონაკლისით. დამბლდორის როლს ჯუდ ლოუ ითამაშებს, ნიუტ სკამანდერს კი — კვლავაც ედი რედმეინი. თუმცა, ისტორიის მთავარ ბოროტმოქმედს, გელერტ გრინდელვალდს, ამჯერად მადს მიკელსენი განასახიერებს. მიკელსენმა როლზე ჯონი დეპი მას შემდეგ შეცვალა, რაც Warner Bros.-მა ამ უკანასკნელს Sun-თან წაგებული სასამართლოს დავის შემდეგ კონტრაქტის შეწყვეტა სთხოვა.

ფრენჩაიზის წინა ფილმების მსგავსად, მესამე ნაწილის რეჟისორიც დევიდ იეტსია. პოტერიადის ეს ერთგვარი პრიკველი სერია ჯამში ხუთ ფილმს გააერთიანებს.

ნაწარმოებების სცენარი ჰარი პოტერის შემქმნელ ჯოან როულინგსა და სტივ კლოუვზს ეკუთვნით. როულინგი, სხვებთან ერთად, ფილმების პროდიუსერიცაა.