ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების შემდეგ განაცხადა, რომ მას პოლიტიკოსადაც ვერ თვლის.

"პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, უბრალოდ, ეს არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის, იმის მაგივრად თავი დახარონ, მას შემდეგ, რაც მთელი საქართველო, მთელი საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში არის, რომ ბავშვიდან დაწყებული მოზარდით გაგრძელებული, კიდევ ელჩებით გაგრძელებული, სასულიერო პირებით დამთავრებული არ დატოვეს არცერთი ადამიანი, ვისაც არ უსმენენ უკანონოდ, არ უთვალთვალებენ, მერე არ აშანტაჟებენ", — აცხადებს მელია.

მისივე თქმით, რეჟიმი, რომელიც ბედავს მშვიდობიანი მოქალაქეების სასიკვდილოდ დაჭრას, არ იმსახურებს იმას, რომ მიეცეს ტყუილის ტირაჟირების შესაძლებლობა.

"რეჟიმი, რომელიც ბედავს სასიკვდილოდ დაგიჭრას მშვიდობიანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიან შენს საარჩევნო შეხვედრაზე, შეხვედრაც დაწყებული არ აქვთ და ამის შემდეგ საჯარო სივრცეში გამოდიან და საუბრობენ, თითქოს ჩვენ მოვაწყეთ პროვოკაცია, თითქოს ჩვენ დავჭერით სასიკვდილოდ ხანჯლებითა და დანებით, თითქოს ჩვენ გავუსწორდით ფიზიკურად ადამიანს რუსთავში 3 დღის წინ, ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა, რომ ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს ისე, როგორც არის მიჩვეული, როგორც აქედან დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ისე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები", — თქვა ენმ-ის ლიდერმა.

ევროკავშირის ელჩსა და ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კობახიძეს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს მელიამ დმანისში მომხდარ შემთხვევაზე ჰკითხა.