ქართული ოცნების თავმჯდომარე ენმ-ს თავმჯდომარესთან დაპირისპირების შემდეგ ამბობს, რომ პროვოკაციაზე თავი ვერ შეიკავა და ბოდიშს უხდის საზოგადოებას იმ უცენზურო სიტყვების გამო, რომელიც ევროკავშირის ოფისთან თქვა. კობახიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ ასპარეზს მხოლოდ პროვოკაციებისთვის იყენებს, დღევანდელი დაპირისპირება კი ამის ნათელი მაგალითია.

"ამის ნათელი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი და თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს [...]

დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე, ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა", — აცხადებს კობახიძე.

დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. ადგილზე მელიას მისვლის შემდეგ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს.

ისინი ერთმანეთს ხელებს უქნევნდნენ, მუშტი ჰქონდათ მოღერებული, მათ შორის კი ჟურნალისტები და ოპერატორები იდგნენ. კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს, ხოლო მელიამ მიკროფონზე მიუთითა და მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჰკითხა, "გინდა გესროლო?". მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ პარტიების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ მივიდნენ.

გაიგე მეტი: