ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკავშირის ოფისიდან გაიპარება, ისევე, როგორც ნებისმიერი პროვოკაციის დროს. ასე გამოეხმაურა ის იმ საკითხს, რომ დაპირისპირების შემდეგ ოფისთან "ოცნების" მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც მელიას გამოსვლას ელოდებოდნენ.

"რაც შეეხება მელიას უსაფრთხოების საკითხებს და ოფისს როგორ დატოვებს და ა.შ., მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო რაც ვთქვი ახლახანს — ჩვენ გვჭირდება მშვიდი გარემო და არავის არ ჭირდება ბუნებრივია პროვოკაციებზე პასუხი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოწოდება, როგორც დღეს, ასევე შემდეგი დღეების განმავლობაში, არის ერთადერთი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვქონდეს რეაქციები ჩვენ ასეთ პროვოკაციებზე.

ნიკანორ მელია ასეც და ისეც გაიპარება დღეს ოფისიდან. გაიპაროს, ეს არის მისი არჩევანი, როგორც იპარება ხოლმე ის ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ. ეს არის მისი დღის წესრიგი. ჩვენ მშვიდად უნდა განვაგრძოთ მზადება ამ არჩევნებისთვის", — თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს ქართული ოცნება არჩევნებს იგებს. კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციას სჭირდებათ პროვოკაციები, ინციდენტები, არეულობა და განმარტა, რომ მათ ამის საშუალებას არ უნდა მისცენ.

დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. ადგილზე მელიას მისვლის შემდეგ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს.

ისინი ერთმანეთს ხელებს უქნევნდნენ, მუშტი ჰქონდათ მოღერებული, მათ შორის კი ჟურნალისტები და ოპერატორები იდგნენ. კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს, ხოლო მელიამ მიკროფონზე მიუთითა და მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჰკითხა, "გინდა გესროლო?". მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.

დაპირისპირების შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მალევე ქართული ოცნების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ადგილზე დარჩებოდნენ ნიკა მელიას გამოსვლამდე. მოგვიანებით, ქართული ოცნების ოფისში პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იქ შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება პირადად სთხოვეს. არსებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის მომხრეები დაიშალნენ, თუმცა ადგილზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მივიდნენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, შეხვედრა დასრულდა, თუმცა სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერიტორიის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს, ელჩის თხოვნაა, რომ შეხვედრის მონაწილეები შენობაში დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ პარტიების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ მივიდნენ.

გაიგე მეტი: