დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამტკიცებს, რომ ქეიფისას რეგულაციები არ დაურღვევია. ის ადასტურებს სტუდია მონიტორის მიერ გავრცელებული ფოტოების ნამდვილობას და ამბობს, რომ კახეთში ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე მართავდა შეხვედრებს.

"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24-ში, წინანდალში, კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25-ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები.

მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამოდენიმე სამახსოვრო ფოტო", — განუცხადა გამყრელიძემ On.ge-ის.

კითხვაზე, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს საზოგადობას ამ ფოტოების ნახვის შემდეგ მაშინ, როცა თავად მუდმივად მოგვიწოდებს მსგავსი შეკრებებისგან თავის არიდებისკენ, გამყრელიძემ ასე გვიპასუხა:

"კი, დიდი შეკრებისგან თავის არიდებას მოვუწოდებთ, მაგრამ, საათზე ნაკლებ დროში რომ ვისადილოთ, ყველას გვაქვს ეს უფლება."

დღეს სტუდია მონიტორმა გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები როგორ ქეიფობენ რეგულაციების დარღვევით.

გაიგე მეტი: